''გადაიხდით რამდენსაც ვითხოვთ ან ტრანსფერი არ შედგება'' - ფიოლერისთვის ჰავერცი საუკეთესოა
Aa
Aa

''გადაიხდით რამდენსაც ვითხოვთ ან ტრანსფერი არ შედგება'' - ფიოლერისთვის ჰავერცი საუკეთესოა

იტალიურ მედიასთან ლევერკუზენის ''ბაიერის'' სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა კაი ჰავერცის შესახებ ისაუბრა. 21 წლის გერმანელი მოთამაშის გადაბირება ლონდონის ''ჩელსის'' სურს, თუმცა ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ ''არისტოკრატები'' გერმანული კლუბის მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდიან.

ფიოლერი: ''ამ ეტაპზე ჰავერცის გაყიდვა გადაწყვეტილი არაა, მაგრამ მისი შეძენით საუკეთესო კლუბები დაინტერესებულნი არიან. მათ შორისაა ლონდონის ''ჩელსი'', თუმცა ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ ჩვენი კლუბის მოთხოვნები დაკმაყოფილდება. ჰავერცის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფეხბურთელი გუნდში დარჩება.

ჰავერცის სატრანსფერო თანხა არ შემცირდება, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ.

მახსოვს ბალაკის, ზე რობერტოსა და კროოსის თამაში, მაგრამ ჰავერცი საუკეთესოა მათ შორის ვინც ლევერკუზენის ''ბაიერში'' მინახავს. როდესაც 17 წლის იყო, სანაკრებო პაუზისას მთავარ მწვრთნელს ვურჩიე მისთვის პირველ გუნდში ვარჯიშის უფლება მიეცა. მთავარ მწვრთნელ როჯერ შმიდტს მეორე გუნდში აღარ დაუბრუნებია, რადგან თავი კარგად წარმოაჩინა.

ჰავერცი ბალაკისა და ზე რობერტოს ნაზავია. მას ორივე მათგანის საუკეთესო თვისებები აქვს.''

გერმანელები 21 წლის ჰავბეკის სანაცვლოდ 90-დან 100 მილიონ ევრომდე ითხოვენ, თუმცა ინგლისურ კლუბს თანხის შემცირება სურს. ''ჩელსიმ'' უკვე განახორციელა ორი ტრანსფერი, ზიეჩისა და ვერნერის სანაცვლოდ საერთო ჯამში 93 მილიონი ევრო დახარჯა. აქედან გამომდინარე, თუ გერმანული კლუბი პოზიციას არ შეიცვლის, ტრანსფერი არ შედგება.

21 წლის გერმანელმა ''ფარმაცევტების'' რიგებში საერთო ჯამში 149 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი შეაგდო და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები