''საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება'' - მუჯირი უეფას გადაწყვეტილებაზე
Aa
Aa

''საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება'' - მუჯირი უეფას გადაწყვეტილებაზე

უეფამ ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელშიც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მონაწილეობდა. ქართული კლუბები ევროტურნირების მატჩებს ქომაგთა გარეშე გამართავენ და თუ თბილისის ''დინამო'' ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავა, ამ მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ კლუბებს, ზოგადად საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა შეხვედრა ქომაგთა გარეშე შედგება.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური დავით მუჯირის კომენტარს აქვეყნებს.

დავით მუჯირი: ''მოგეხსენებათ ქვეყნებს შორის გადაადგილება კვლავ პრობლემურია. იმ ცვლილების ფონზე, რომ ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებები ერთმატჩიანია, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების გარდა ყველა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

მაქსიმალურად ვეცდებით თუ მასპინძელი ქართული კლუბი იქნება, შეხვედრას ღირსეულად ვუმასპინძლოთ შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაგრამ თუ წყვილიდან ვერც ერთი ქვეყანა მატჩს ვერ უმასპინძლებს, თამაში ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. ნეიტრალური შეხვედრა შესაძლოა კვიპროსზე, პოლონეთში ან საბერძნეთში ჩატარდეს. აღნიშნულმა ქვეყნებმა ამ ტიპის მატჩების გამართვის მზაობა გამოთქვეს.''

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონში თბილისის ''დინამო'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ევროპა ლიგაზე ბათუმის ''დინამო,'' ''საბურთალო'' და ''ლოკომოტივი'' გამოვლენ.

ვიდეო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები