Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  10:41

"ფეხბურთი მადლობას გიხდის" - ვარსკვლავები კასილიასის წასვლას ეხმაურებიან

ლეგენდარულმა იკერ კასილიასმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა. მის ამ გადაწყვეტილებას სხვებთან ერთად ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი, ოლივერ ტორესი, მარკო ასენსიო და მადრიდის „რეალი“ გამოეხმაურნენ.

„შენ და შენს ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - წერს ინიესტა.

„ფეხბურთი მადლობას გიხდის, სამუდამო ლეგენდავ“, - ეს უკვე სერხიო რამოსის სიტყვებია.

„ვამაყობ და პრივილეგირებული ვარ იმით, რომ შენთან ერთად ამდენი საფეხბურთო მომენტი გავიზიარე. გმადლობთ ყველაფრისთვის, ლეგენდავ“, - წერს ოლივერ ტორესი, რომელიც იკერთან ერთად „პორტუში“ ასპარეზობდა.

„მადლობა ამდენი სიხარულისთვის, ლეგენდავ“, - ამბობს მარკო ასენსიო.

„დღეს ჩვენი კლუბის 118-წლიან ისტორიაში ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მოთამაშემ კარიერა დაასრულა. ფეხბურთელი, რომელიც გვიყვარს და აღგვაფრთოვანებს. მეკარე, რომელმაც „რეალის“ მემკვიდრეობა კიდევ უფრო დიდი გახადა საკუთარი შრომითა და სამაგალითო ქცევით მოედანსა და მის გარეთ“, - ვკითხულობთ მადრიდული გრანდის სპეციალურ განცხადებაში.

იკერ კასილიასი „რეალის“ ძირითად გუნდში 1999-2015 წლებში გამოდიოდა და მისი მაისური 725 შეხვედრაში მოირგო, რაც რაულის შედეგის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. ესპანეთის ნაკრების კარს კი 16 წლის განმავლობაში იცავდა და ჯამში 167 მატჩი გამართა.

იკერ კასილიასმა 21-წლიან პროფესიონალურ კარიერაში 26 ტიტული მოიგო, მათ შორის 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 5-ჯერ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში