Aa
Aa

გომესი, რონალდუ, იმობილე და სხვები - "ოპტამ" სერია A-ს სეზონის თერთმეტეული დაასახელა

პოპულარულმა სტატისტიკურმა კომპანია „ოპტამ“ იტალიის სერია A-ს 2019-20 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

„ოპტას“ გუნდი 4-2-3-1 სისტემით შეიქმნა. კარში ადგილი ვოიცეხ შესნიმ დაიკავა, რომელსაც ამ სეზონში სეივების საუკეთესო პროცენტი ჰქონდა და კარში დარტყმულ ბურთთა 74% მოიგერია. დაცვის ხაზს ხუან კუადრადო, შტეფან დე ვრაი, ფრანჩესკო აჩერბი და ტეო ერნანდესი ამაგრებენ. ერნანდესი მცველებს შორის 57 წარმატებული დრიბლინგით გამოირჩა, აქტივში ასევე 6 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

ნახევარდაცვის ცენტრში ლუის ალბერტო და ფაბიან რუისი მოხვდნენ. რუისმა ამ სეზონში ყველაზე მეტი, 2331 პასის გაკეთება სცადა, ალბერტომ კი თანაგუნდელებს ყველაზე მეტი, 106 საგოლე შანსი შეუქმნა.

შემტევი სამეულის ფლანგებზე პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს ვხვხდებით, ცენტრში კი ადგილს ალეხანდრო გომესი იკავებს. რონალდუს მიერ გატანილმა 31-მა გოლმა „იუვენტუსს“ 24 ქულა მოუტანა, რაც ყველა სხვა ფეხბურთელის გოლებზე უფრო შედეგიანი მაჩვენებელია. დიბალამ მატჩში ანგარიში 8-ჯერ გახსნა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება პაპუ გომესს, მან ერთ სეზონში შესრულებულ საგოლე პასთა რეკორდი დაამყარა და თანაგუნდელებს 16-ჯერ გაატანინა. „ატალანტას“ კაპიტანს 1 ასისტით უკვე ნახსენები ლუის ალბერტო ჩამორჩა.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე უკონკურენტო გახლდათ ჩირო იმობილე, რომელიც ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდის თანაავტორი გახდა. „ლაციოს“ ლიდერმა დასრულებულ „ლეგა კალჩოს“ გათამაშებაში 36 გოლი შეაგდო და ყველა დროის რეკორდს გონსალო იგუაინთან ერთად იყოფს.

როგორც ვხედავთ, „ოპტას“ სიმბოლურ გუნდში 4-4 კაცით ჩემპიონი „იუვენტუსი“ და მე-4 ადგილოსანი „ლაციო“ არიან წარმოდგენილი, „ატალანტას“, „მილანსა“ და „ნაპოლის“ კი თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები