Aa
Aa

კაპელო: "ძანიოლოს "ოქროს ბურთის" მოგების პოტენციალი აქვს"

ლეგენდარული ფაბიო კაპელო ნიკოლო ძანიოლოს აქებს და მას „ოქროს ბურთის“ პოტენციურ მომგებთა სიაში თამამად მოიაზრებს. 74 წლის სპეციალისტი ამის შესახებ Sky Sport Italia-ს ესაუბრა.

„კაკას არ ჰქონდა ისეთივე ფიზიკური ძალა, როგორიც ძანიოლოს აქვს. თუმცა, ბრაზილიელი უფრო მეტად ტექნიკური იყო და შეტევის ბოლო ფაზაში უკეთესად თამაშობდა.

რომაელთა ტალანტს აქვს ექსტრაორდინალური ფიზიკური მონაცემები, ძალა და ტემპი, ეს ყველაფერი კი ხარისხთან იდეალურადაა შერწყმული. მას აქვს პოტენციალი იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზეც რაღაც განსაკუთრებული ჯილდო მოიგოს.

მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა საფეხბურთო თვისება უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. რა თქმა უნდა, არიან სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც, მაგრამ ძანიოლოს მსგავსი არავინაა.

ნახეთ, როგორი ასისტი გაუკეთა პეროტის „იუვენტუსთან“ მატჩისას. იერიში თავისი ნახევრიდან წამოიწყო, ბურთთან ერთად დიდი მანძილი დაფარა და ბოლო მომენტში, როცა პასს აკეთებდა, მშვიდად და ცივსისხლიანად ითამაშა. ნამდვილად შესანიშნავი ხედვა და ბურთის გრძნობა აქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ძანიოლოზე უფრო ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეს ვერ ვხედავ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მას „ოქროს ბურთის“ მოსაგებად საკმარისი პოტენციალი აქვს“.

21 წლის ძანიოლო მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს 5 ივლისს დაუბრუნდა და მას შემდეგ სერია A-ში 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. ნიჭიერ შემტევს „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა რომაელები გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აქედანვე მართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები