Aa
Aa

გოლების 69-წლიანი რეკორდი, გადარჩენილი ჯენოა და გავარდნილებს შორის რეკორდსმენი ლეჩე...

იტალიის სერია A-ს 2019-20 წლების სეზონი უკვე ისტორიის საკუთრებაა. ბოლო რაუნდის დარჩენილი 5 მატჩი გუშინ გაიმართა და ლიგიდან გავარდნილი მე-3 გუნდის ვინაობაც შევიტყვეთ. გარდა ამისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემიც დაფიქსირდა და მათზეც თანმიმდევრულად ვისაუბროთ.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ორი შეხვედრა უნდა გამოვარჩიოთ: „ჯენოა“-„ვერონა“ და „ლეჩე“-„პარმა“. თუკი „ჯენოა“ მოიგებდა, ლიგაში ყველა ვარიანტში დარჩებოდა, ხოლო მისი ვერმოგებისა და „ლეჩეს“ გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლეს დივიზიონში ადგილს უკვე აპულიელები შეინარჩუნებდნენ.

გენუელებმა ინტრიგა მალევე მოკლეს. სანაბრიას დუბლისა და რომეროს გოლით, მათ პირველი ნახევარი 3:0 დაასრულეს და საქმის 3 ქულამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ტონი სანაბრია „ჯენოას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს მატჩში დუბლი მიითვალა. შედეგად, „როსობლუმ“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და იქ ზედიზედ მე-14 სეზონს დაიწყებს.

გენუაში მიმდინარე მატჩის შედეგის ფონზე „ლეჩემ“ მოტივაცია მიმდინარეობისასვე დაკარგა და საბოლოოდ, „პარმასთან“ 3:4 დამარცხდა. აპულიელებმა ჩემპიონატის ერთი გამორჩეული მაჩვენებელი მაინც დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც მოგება 3 ქულით ფასდება, იმ გუნდთაგან, რომლებიც ლიგიდან გავარდნენ, „ლეჩემ“ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ფაბიო ლივერანის ბიჭებმა ჩემპიონატი 52 გოლით დაასრულეს.

 

 

თავისი ისტორიის ანტირეკორდი დაამყარა „ბოლონიამ“, რომელმაც უმაღლესი დივიზიონის ერთ სეზონში 65 გოლი პირველად გაუშვა. რაც შეეხება „ტორინოს“, 68 ბურთი მიიღო, რაც 1959-60 წლების სეზონის შემდეგ მისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ბოლონიელები „ლეგა კალჩოს“ მე-12 ადგილზე გავიდნენ, ხოლო „ტორინომ“ ჩემპიონატი მე-16 პოზიციაზე დახურა.

სერია A-ს ეს გათამაშება, გატანილი გოლების კუთხით, ბოლო 70 წელიწადში გამორჩეული გამოდგა. ჩატარებულ 380 მატჩში ჯამურად 1154 გოლი გავიდა, რაც 1950-51 წლების სეზონის შემდეგ - საუკეთესო, ხოლო ყველა დროის ისტორიაში მე-4 მაჩვენებელია. 1950-51 წლების გათამაშება 1192 გოლით დასრულდა, 1947-48 წლებში 1200 გოლი შეაგდეს, ხოლო რეკორდი 1949-50 წლებში დაფიქსირდა, როცა „ლეგა კალჩოს“ მაყურებელმა 1265 გოლი იხილა.

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო სეზონის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას თქმით, ეს არაუგვიანეს ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები