Aa
Aa

უეფა ბარსა-ნაპოლის მატჩის პორტუგალიაში ჩატარებას განიხილავს

უეფა-მ კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან საფეხბურთო მატჩის გამართვისთვის აუცილებელი გარანტიები ოფიციალურად გამოითხოვა. საქმე „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრას ეხება.

კატალონიური მხარე ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს, რის შემდეგაც თამაშის ბარსელონაში ჩატარება-არჩატარების გადაწყვეტილებას თავად უეფა მიიღებს.

თუკი უეფა-მ თამაშის „ნოუ კამპზე“ ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, შეხვედრა პორტუგალიის ერთ-ერთ ქალაქში გაიმართება. გამოცემა O Jogo-ს თქმით, პორტუს არენა „დრაგაო“ და გიმარაეშში მდებარე „ესტადიო აფონსო ენრიკეში“ მატჩის მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

როგორც ვიცით, კატალონიის რეგიონში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა, თამაშამდე კი უკვე 10 დღეზე ნაკლები რჩება. სავარაუდოდ, უეფა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირის ბოლომდე მიიღებს.

„ნაპოლიმ“ და „ბარსელონამ“ პირველი 1/8 ფინალური მატჩი 1:1 დაასრულეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გამსვლელს კი 8 აგვისტოს გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები