''ყველაფრისთვის მზად ვარ'' - ლაკვეხელიანის ახალი გამოწვევა და ამბიციები
Aa
Aa

''ყველაფრისთვის მზად ვარ'' - ლაკვეხელიანის ახალი გამოწვევა და ამბიციები

21 წლის მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრული ''მეზოკოვეშდის'' რიგებში გააგრძელებს. ასე რომ ''საბურთალოს'' ევროპა ლიგაზე ტრავმირებული გიორგი კოხრეიძის მსგავსად ლაკვეხელიანიც ვერ დაეხმარება, რომელიც კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.

CrystalSport-ის ცნობით ''საბურთალო'' ლაკვეხელიანის სანაცვლოდ დაახლოებით 100 00 ევროს მიიღებს და თუ ''მეზოკოვეშდი'' ქართველს სხვა კლუბში გაყიდის, სატრანსფერო თანხის 30-40 პროცენტი თბილისური კლუბის ანგარიშზე ჩაირიცხება. ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკა ლაკვეხელიანი CrystalSport-ს რამდენიმე თემაზე ესაუბრა. მისი თქმით თუ ერთადერთი რამ, რაც ეროვნულ გუნდში მოხვედრისთვის სჭირდება, მაღალ ტემპთან შეგუებაა. მას საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს და ცხადია შემდეგ მიზანს საკლუბო დონეზე წარმატებულად ასპარეზობის პარალელურად ეროვნულ გუნდში მოხვედრა წარმოადგენს.

ყველაზე რეალური წინადადება

''პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ყველაზე რეალური ვარიანტი უნგრული კლუბის მხრიდან მივიღე. ახალი გუნდის თამაში ვნახე, ''მეზოკოვეშდი'' შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობს და ვფიქრობ ამ სათამაშო სტილში კარგად ჩავჯდები. გარდა ამისა, ამბიციური გუნდია, გასულ სეზონში სამეულისთვის იბრძოდა და მეოთხე პოზიციაზე გავიდა.''

ახალი მწვრთნელის შთაბეჭდილება

''მეზოკოვეშდის'' მთავარი მწვრთნელთან, ატილა კუტორთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ მას ჩემი თამაში მოსწონს და როცა ჩემი თამაში ნახა, კარგი შთაბეჭდილება დარჩა.''

ენობრივი პრობლემა გადაჭრილია

''უნგრეთში ენობრივი პრობლემა არ მექნება, რადგან ინგლისურად კარგად ვსაუბრობ, რაც ახალ გუნდში ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.''

მარსელოს ფაქტორი

''თუ ახალ გუნდში 12 ნომერი თავისუფალი იქნება, ამ ნომრით ვითამაშებ. რატომ 12 ნომერი? მარსელოს თამაში ძალიან მომწონს და ნომერიც აქედან გამომდინარე შევარჩიე. ბავშვობაში ჩემი ამპლუის ფეხბურთელებიდან რობერტო კარლოსი მომწონდა, შემდეგ კი მარსელო. ''რეალის'' გულშემატკივარი ვარ.''

დამოუკიდებლად ცხოვრება

''თავდაპირველად გარკვეული პერიოდი კარანტინში ვიქნები, შემდეგ კი საცხოვრებლად ცალკე გადავალ და დამოუკიდებლად ვიცხოვრებ. არ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება გამიჭირდება. ყველაფრისთვის მზად ვარ.''

ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია

''ერთადერთი, რაც ეროვნულ გუნდში მოხვედრისთვის მჭირდება, მაღალ ტემპში თამაშის ფაქტორია. ნორმალურ ჩემპიონატში და ისეთში, როგორიც უნგრეთის ჩემპიონატია, მაღალ ტემპში თამაში რეგულარულად მომიწევს. მთავარია მაღალ ტემპს შევეჩვიო. სხვა პრობლემას ვერ ვხედავ.''

გია ჭიაბრიშვილთან მუშაობის შეფასება

''მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მან კარგად იცის ახალგაზრდებთან მუშაობა. შრომას არ დაგიკარგავს. მან ჩემს პროგრესში, ჩემს განვითარებაში დიდი როლი იქონია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები