კოუტინიოს ბარსელონაში დარჩენის შანსები ნელ-ნელა იზრდება
Aa
Aa

კოუტინიოს ბარსელონაში დარჩენის შანსები ნელ-ნელა იზრდება

კოუტინიოს „ბარსელონაში“ დაბრუნების შანსები ბოლო დროს ნელ-ნელა გაიზარდა და უკვე არც ისე დაუჯერებელი გახლავთ.

საქმე იმაშია, რომ 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის განათხოვრებას „ბარსა“ აღარ აპირებს. კლუბს მის სანაცვლოდ თანხის მიღება სურს, რომელსაც ახალი მოთამაშეების შესაძენად გამოიყენებს, მაგალითად ლაუტარო მარტინესისთვის.

"ბაიერნი" ფეხბურთელის გამოსყიდვას არ გეგმავს და ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, ან როცა მიუნხენელები ტურნირს გამოეთიშებიან ბრაზილიელი ბარსელონაში გაფრინდება.

ამ მომენტისთვის კოუტინიოს მიმართ ინტერესს ყველაზე მეტდ „არსენალი“ და მიკელ არტეტა იჩენენ, თუმცა ტრანსფერს 2 ფაქტორი აფერხებს: პირველი ის, რომ „მეთოფეები“ თანხის გადახდას არ აპირებენ და მხოლოდ ბარტერზე არიან თანახმანი. მეორე კი, ანაზღაურება გახლავთ, რომელიც ბრაზილიელს საკმაოდ მაღალი აქვს და „მეთოფეები“ ამდენის გადახდას ვერ შეძლებენ.

„არსენალმა“ „ბარსას“ ბოლოს მატეო გენდუზისა და კოუტინიოს ბარტერი შესთავაზა, თუმცა ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბს მსგავსი გაცვლა არ მოსწონთ, რადგან გენდუზიზე მეტად გუნდში კოუტინიოს ხილვა სურთ.

Sport-ი კი წერს, რომ კიკე სეტიენი და მისი გუნდი კოუტინიოს დაბრუნების წინააღმდეგნი არ არიან.

„ბარსა“ ზაფხულში ბევრ ტრანსფერს ვერ განახორციელებს. იგეგმება ცენტრალური მცველისა და მარჯვენა მცველის შეძენა, ისიც თუ უმტიტი და სემედუ წავლენ. პლუს ლაუტარო მარტინესის ყბადაღებული თემა.

აქედან გამომდინარე, თუ კლუბმა კოუტინიოს სანაცვლოდ სარფიანი წინადადება ვერ მიიღო, მათ შორის მისაღები ბარტერიც იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში კატალონიელებს ურჩევნიათ ფეხბურთელი გუნდში დარჩეს.

ბოლო ინფორმაციით, თავად კოუტინიო 2020-2021 წლების სეზონის „კამპ ნოუზე“ გატარების წინააღმდეგი არ არის. ყველაფერს უახლოესი 2 თვე გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები