იუვენტუსის პრობლემები - დიბალამ და კოშტამ შესაძლოა ლიონთან ვერ ითამაშონ
Aa
Aa

იუვენტუსის პრობლემები - დიბალამ და კოშტამ შესაძლოა ლიონთან ვერ ითამაშონ

აგვისტოში ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდება და ქომაგებისთვის განსხვავებული სანახაობა დაიწყება. ყველა დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება და არავინ იცის, ეს ფაქტორი ვის როგორ წაადგება, თუმცა რვათა ტურნირის დაწყებამდე მერვედფინალის დარჩენილი შეხვედრებია გასამართი.

საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ მოიგო, თუმცა მაურიციო სარის გუნდი ფორმაში აშკარად არ იმყოფება და მათი თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. ამ ყველაფერს კი ტრავმები ემატება - გუნდს დიბალა და დუგლას კოშტა დაუშავდა.

„სამპდორიასთან“ საჩემპიონო შეხვედრაში არგენტინელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელი ტკივილებს კვლავ გრძნობს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, დიბალა სავარაუდოდ „ლიონთან“ განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს. „ლა ხოიას“ ნაცვლად ბრაზილიელ დუგლას კოშტას უნდა ეთამაშა, თუმცა მასაც დაზიანება აქვს და არავინ იცის შეძლებს, თუ არა 1 კვირაში მწყობრში ჩადგომას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ითამაშებს თუ არა კოშტა, „იუვე“ დიბალასთან და მის გარეშე აშკარად ორი სხვადასხვა გუნდია.

თავის მხრივ „ლიონს“ დაუბრუნდა ტრავმირებული ლიდერი მემფის დეპაი, რომელმაც პირველი შეხვედრა მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. ნიდერლანდელი ევრო 2020-საც ტოვებდა, თუმცა პანდემიამ სეზონი შეაჩერა და ფეხბურთელმაც დაბრუნება მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 7 აგვისტოს ტურინში გაიმართება. საფრანგეთში „ლიონს“ 1:0 აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები