Aa
Aa

გოგას ინდიანამ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა - პეისერსი სან ანტონიოსთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ რესტარტის წინ, ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა მაკმილანის ბიჭების კარნახით დაიწყო და „ინდიანამ“ პირველ მეოთხედში 32-25 იმარჯვა.

მეორე თორმეტწუთეულში გრეგ პოპოვიჩის გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, დიდი შესვენების შემდეგ კი კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 118-111 მოიგო.

„ინდიანამ“ ბითაძის, საბონისისა და ლემბის გარეშე იასპარეზა. ქართველი კალათბურთელი პარკეტს მინიმუმ 2 კვირა ვერ დაუბრუნდება, საბონისისა და ლემბისთვის კი სავარაუდოდ სეზონი დასრულებულია.

მაკმილანმა „სან ანტონიოსთან“ მატჩში ტრავმირებულების გარდა,  ყველა კალათბურთელი ათამაშა. „პეისერსს“ მაილს ტერნერმა ულიდერა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 10 მოხსნა. მალკოლმ ბროგდონმა და ედმონდ სამნერმა 12-12 ქულა დააგროვეს. ტი ჯეი მაკკონელი კი 14 ქულითა და 11 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

„სან ანტონიოსთან“ მარცხის შემდეგ, „ინდიანა“ სეზონის განახლებისთვის მოემზადება. NBA-ის ოფიციალური საიტის ცნობით, „პეისერსის“ კალათბურთელები დღეს არ ივარჯიშებენ და საღამოს გოგა ბითაძის სამშობლოზე, საქართველოზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ნახავენ.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანა“ რესტარტის შემდეგ პირველ შეხვედრას 2 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით 03:00-ზე „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები