Aa
Aa

იმობილე ლევანდოვსკის წამოეწია - ვის დარჩება "ოქროს ბუცი"?

2019-20 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ რბოლაში ჩირო იმობილე რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა. იტალიელმა ფორვარდმა სერია A-ს 36-ე ტურში „ვერონასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და პოლონელის მსგავსად ჩემპიონატში 34 გოლი მოაგროვა.

იმობილემ ვერონელთა კარი 2-ჯერ პენალტიდან აიღო, ერთ ეპიზოდში კი ჯორდან ლუკაკუს პასის შემდეგ შეაგდო. ლევანდოვსკისა და იმობილეს ევროპის მასშტაბით ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი, მათ შედეგს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ თითოეულმა მათგანმა გოლები იმ ჩემპიონატში გაიტანა, რომლის კოეფიციენტიც ორია.

შესაბამისად, „ოქროს ბუცის“ წლევანდელი სეზონის რბოლას ისინი 68-68 ქულით ლიდერობენ, მათზე 6 ქულით ნაკლები კრიშტიანუ რონალდუს აქვს.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად გოლებით, ამ სამეულის შემდეგ „იანგ ბოიზის“ ფორვარდი, ჯან-პიერ ნსამე მოდის, რომელსაც შვეიცარიის ჯერ კიდევ მიმდინარე ჩემპიონატში 30 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, ნსამესთვის სამწუხაროდ, მისი გოლები 1.5 კოეფიციენტზე მრავლდება და საერთო ჩათვლაში ამის გამო ეს მხოლოდ მე-9 შედეგია.

რაც შეეხება იმობილეს კიდევ ერთ დიდ გამოწვევას, მას სერია A-ს ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია. გონსალო იგუაინმა 2015-16 წლების სეზონის ჩემპიონატი 36 გოლით დაასრულა, იმობილეს კი მისი შედეგის გასაუმჯობესებლად „ნაპოლისთან“ და გავარდნილ „ბრეშასთან“ ჯამურად 3 გოლის გატანა სჭირდება.

„ლაციოს“ 30 წლის თავდამსხმელი სერია A-ს წლევანდელი სეზონის ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს 3 გოლით უსწრებს და თუკი უპირატესობას შეინარჩუნებს, „კაპოკანონიერე“ მესამედ გახდება. 2013-14 წლებში მან „ტორინოს“ მაისურით 22 გოლი შეაგდო, ხოლო 2017-18 წლებში გატანილი 29 გოლი მაურო იკარდის შედეგის იდენტური იყო და ბომბარდირობა სწორედ არგენტინელთან გაიყო.

იმობილეს იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უკვე 133 გოლი აქვს გატანილი, რაც „ლეგა კალჩოს“ საერთო საგოლე სიაში რობერტო პრუცოს შედეგის მსგავსია და 37-38-ე მაჩვენებელი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები