Aa
Aa

ზედიზედ მეცხრედ! - იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია!

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში 36-ედ გახდა! „ბიანკონერიმ“ ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მეცხრედ იზეიმა, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის ეგიდით სარეკორდო სვლაა.

„ვეკია სინიორამ“ სერია A-ს 36-ე ტურში „სამპდორიას“ 2:0 მოუგო, 83 ქულა მოაგროვა და უახლოესი მდევრისთვის უკვე მიუწვდომელია. მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, მეორე ნახევარში კი საბოლოო შედეგი ფედერიკო ბერნარდესკიმ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ პენალტი ვერ გამოიყენა და ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს უკვე 3 ბურთით ჩამორჩება.

პორტუგალიელს დარჩენილ ორ ტურში „იუვენტუსის“ ფეხბურთელთა შორის დამყარებული ყველა დროის საგოლე რეკორდის მოხსნა შეუძლია. 1933-34 წლების ჩემპიონატში ფელიჩე ბორელმა მეტოქეთა კარი 32-ჯერ აიღო და „ვეკია სინიორას რიგებიდან „ლეგა კალჩოს“ ერთ სეზონში გატანილი გოლებით, დღემდე რეკორდსმენია, რონალდუს კი მისი შედეგის გასაუჯობესებლად „კალიარისთან“ და „რომასთან“ ჯამურად მინიმუმ 2 გოლის გატანა სჭირდება.

ტურინელებმა ტიტული ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს, თუმცა მათ ერთი ანტირეკორდიც დაამყარეს. „ბებერ ქალბატონს“ მიმდინარე სეზონში უკვე 38 გოლი აქვს გაშვებული, რაც 1960-61 წლებიდან მოყოლებული ჩემპიონისთვის ერთ სეზონში გაშვებული ყველაზე მეტი ბურთია.

მაურიციო სარიმ კი ნილს ლიდჰოლმის შედეგი გააუმჯობესა და ამიერიდან სერია A-ს ისტორიაში ტიტულის მომგები ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია. სარი გუშინდელი მატჩისას 61 წლისა და 198 დღის გახლდათ, ლიდჰოლმმა ჩემპიონობა 60 წლისა და 219 დღის ასაკში მოიპოვა, ხოლო ვუიადინ ბოშკოვმა იგივე 60 წლისა და 10 დღის ასაკში გააკეთა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯორჯო კიელინის მაჩვენებელი. ამ ფორმაციის „იუვენტუსში“ იგი უკვე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდთან ერთად ამ 9 ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა. ანდრეა ბარძალიმ კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა, ლეონარდო ბონუჩიმ და ჯანლუიჯი ბუფონმა კი თითო სეზონი სხვა კლუბებში გაატარეს. კიელინიმ, რომელიც მომდევნო თვეში 36 წლის ხდება, ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„ბებერი ქალბატონი“ უკვე ჩემპიონის რანგში „კალიარის“ ეწვევა, „ლეგა კალჩოს“ წლევანდელ სეზონს კი „რომასთან“ გასამართი საშინაო მატჩით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები