მან. სიტი - რეალი ეტიჰედზე არ შედგება? - უეფას ალტერნატიული ვარიანტები
Aa
Aa

მან. სიტი - რეალი ეტიჰედზე არ შედგება? - უეფას ალტერნატიული ვარიანტები

''ეტიჰედზე'' დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ''მანჩესტერ სიტისა'' და მადრიდის ''რეალს'' შორის შესაძლოა გადაიდოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით ესპანეთიდან ინგლისში ჩასულ ნებისმიერ პირს კორონავირუსის პანდემიის გამო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

დიდ ბრიტანეთში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და პანდემიის მეორე ტალღის დაწყებას ვარაუდობენ.

აღნიშნული შეხვედრა 7 აგვისტოსაა დაგეგმილი. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ''ბერნაბეუზე'' გაიმართა და ესპანური გრანდი 1:2 დამარცხდა.

ამ ეტაპზე კლუბების წარმომადგენლებს და უეფას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა ესპანური მედიის ცნობით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი, რომელიც მეოთხედფინალს, ნახევარფინალსა და ფინალს მოიცავს, 12 აგვისტოდან პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. მადრიდული გამოცემის, Marca-ს ცნობით შესაძლოა დიდ ბრიტანეთში მიღებული აღნიშნული წესის გამო ''რეალისა'' და ''მან. სიტის'' საპასუხო მატჩი პორტუგალიაში გაიმართოს. კერძოდ, პორტუში ან გიმარაეშში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი 12 აგვისტოს დაიწყება და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მეოთხედფინალები 12-15 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალებს 18-19 აგვისტოს ვიხილავთ, ხოლო ფინალი 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები