ტომი მორისონი - ბიჭი როკი V-დან, რომელმაც ჯორჯ ფორმანი დაამარცხა
Aa Aa

ტომი მორისონი - ბიჭი როკი V-დან, რომელმაც ჯორჯ ფორმანი დაამარცხა

ლეგენდარულ ჯორჯ ფორმანს კარიერაში სულ 5 წაგება აქვს. „დიდი ჯორჯის“ დამარცხება მხოლოდ მუჰამედ ალიმ, ჯიმი იანგმა, ევანდერ ჰოლიფილდმა, ტომი მორისონმა და შენონ ბრიგსმა მოახერხეს. ამ უკანასკნელმა 48 წლის ფორმანს სძლია. მოკრივემ კი, რომელზეც დღეს მინდა, გესაუბროთ „დიდი ჯორჯი“ 1993 წელს დაამარცხა. ეს ფორმანის გაჩემპიონებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

„მინდა, ჩემს ახალგაზრდა გულშემატკივრებს მივმართო. გთხოვთ, ნუღარ დამინახავთ, როგორც მისაბაძ მაგალითს. გთხოვთ, დამინახეთ, როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლო, მისაბაძი მაგალითი ყოფილიყო, მაგრამ ეს შანსი გაანიავა. გაანიავა, რადგან უპასუხისმგებლო, ირაციონალური და ბავშვური გადაწყვეტილებები მიიღო. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ერთ დღეს შესაძლოა, ჩემი სიცოცხლე შეეწიროს“. ამ სიტყვების ავტორი ტომი მორისონი გახლავთ. მოკრივე, რომელიც 2013 წლის 1-ელ სექტემბერს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტომი მორისონს მაიკ ტაისონის მსგავსი სტილი და კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა ჰქონდა. იგი ჯონ უეინ მორისონის (ამერიკელი მსახიობი, მეტსახელად ჰერცოგი) შთამომავალი გახლდათ, ამიტომ მეტსახელად „ჰერცოგი“ შეარქვეს. ტომიმ რინგზე გულშემატკივართა გულები ზუსტად იმ სისწრაფით დაიპყრო, რა სისწრაფითაც, ეს წლების წინ, მისმა შორეულმა ნათესავმა სცენაზე გააკეთა.

მორისონი ღარიბ ოჯახში დაიბადა და კრივით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. იგი რინგზე 10 წლის ასაკში ავიდა და საოცარი ფიზიკური მონაცემების წყალობით, სამოყვარულო დონეზე ჩხუბი მალევე დაიწყო. ტომი ყალბ დაბადების მოწმობას იყენებდა და 13 წლის ასაკში უკვე მასზე გაცილებით უფროს მეტოქეებს ამარცხებდა.

„კრივი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საღამოს, ძილის წინ, მხოლოდ კრივზე ვფიქრობ. დილით, კრივზე ფიქრით ვიღვიძებ. ცხოვრებაში ჩემი მთავარი მიზანი ჩემს მშობლებზე ზრუნვაა. ისინი რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ ის მიიღონ, რასაც იმსახურებენ“.

ტომიმ საკუთარ სიტყვას არ უღალატა და სამოყვარულო დონეზე ფენომენალურად გამოიყურებოდა. „ჰერცოგმა“ 222 ბრძოლა გამართა და მხოლოდ 20-ჯერ დამარცხდა. იგი ოლიმპიადის საგზურის მოპოვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე რეი მერსერს ვერ აჯობა, რომელმაც 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ტომიმ პროფესიონალურ დონეზე გადასვლა გადაწყვიტა და ქერა თმით, შესაშური აღნაგობითა და ბრუტალური სიძლიერით აღჭურვილი მორისონი წააგავდა მებრძოლს, რომელსაც უდიდესი წარმატებისთვის უნდა მიეღწია და სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. 1989 წელს, „ჰერცოგმა“ ოცნების ასრულების შანსი მიიღო. მისი ერთ-ერთი ბრძოლის ნახვის შემდეგ, სილვესტერ სტალონემ იგი ფილმ როკი V-ში მიიწვია. მორისონმა თავის იმედისმომცემ კარიერაში 6-თვიანი პაუზა აიღო და ტომი განის როლი მოირგო. ფილმი ალბათ, ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. სცენარი ღარიბი ბიჭის გარშემო ვითარდება, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია, მაგრამ პოპულარობა თავში აუვარდა და რაღაც ძალიან აკლდა... უცნაურია, მაგრამ მორისონის რეალური ცხოვრებაც დაახლოებით ასე განვითარდა, ოღონდ გაცილებით სევდიანი, უფრო სწორად, ტრაგიკული დასასრული ჰქონდა...

როკი V-მა ტომის უდიდესი პოპულარობა მოუტანა, რასაც კრივში მიღწეული წარმატება დაემატა. „ჰერცოგი“ არჩევანის წინაშე დადგა. მას შეეძლო, მსახიობი გამხდარიყო, ან რინგზე მეტოქეების განადგურება გაეგრძელებინა. ტომიმ კრივი აირჩია და მალევე ნამდვილი სუპერვარსკვლავი გახდა.

„დღესდღეობით, მძიმე წონით დივიზიონში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, არავინ იცის, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონი ვინ იქნება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ოდესმე, მძიმე წონით დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონი აუცილებლად გავხდები. ასე რომ, კრივის ქომაგებს ურჩევნიათ, თვალი არ მომაშორონ. სამსახიობო კარიერას რაც შეეხება, ჯერ საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ და მერე ამასაც მივხედავ“.

როგორც აღვნიშნე, ტომის ჩხუბის სტილითა და მანერით მაიკ ტაისონს ამსგავსებდნენ, რის გამოც პრომოუტერებს მისი და „რკინის მაიკის“ შერკინების ორგანიზება სურდათ, თუმცა უეცრად სცენაზე ბასტერ დაგლასი გამოჩნდა. ამ უკანასკნელმა მსოფლიო შოკში ჩააგდო და ტაისონი დაანოკაუტა. მაიკის მარცხიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „ჰერცოგი“ ნაცნობ მეტოქეს, რეი მერსერს დაუპირისპირდა...

ექსპერტთა უმრავლესობა ფავორიტად მორისონს მიიჩნევდა, თუმცა ტომიმ ტაისონის ბედი გაიზიარა. მერსერთან ბრძოლაში „ჰერცოგის“ გეგმა მეტოქის საწყის რაუნდებში დანოკაუტება იყო და ამისთვის უდიდესი ენერგია გაიღო. „უმოწყალო რეიმ“, რომლის ნოკაუტში ჩაგდებაც ძალიან რთული იყო, ყველა დარტყმას გაუძლო. 3 რაუნდის შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ „ჰერცოგს“ ძალა გამოეცალა, ხოლო მის მოწინააღმდეგეს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მერსერმა მტკივნეული კომბინაციების რამდენიმე სერია განახორციელა, რასაც მე-5 რაუნდში კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ნოკაუტი მოჰყვა.

„მერსერთან წაგებული ბრძოლის შემდეგ, რამდენიმე თვე სპორტდარბაზში არ მივსულვარ. ასე რომ ვთქვათ, ჩემი სულის საძებნელად წასვლა გადავწყვიტე“.

წაგების მიუხედავად, მორისონი არ დანებებულა. ცნობილი პრომოუტერის, ბობ არუმის წინამძღოლობით, მან რამდენიმე შერკინებაში იმარჯვა და 1993 წელს ლეგენდარულ ჯორჯ ფორმანს დაუპირისპირდა. ბიჭს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონის როლს თამაშობდა, ტიტულის დასაკუთრების შანსი მიეცა, თუმცა ფორმანთან ბრძოლამდე ტომის ცხოვრების დეტალები სააშკარაოზე გამოვიდა.

„ჩვენ ერთ-ერთ ბარში საერთო მეგობრები გვყავდა. ისინი შუაღამეს ხშირად გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჟურნალისტების მოსვლამდე ჩვენი ბიჭის წამოსაყვანად მივსულიყავით, რომელიც უგონოდ მთვრალი იყო და იატაკზე იწვა. მივდიოდით, გათიშულ ტომის პიკაპის საბარგულზე ვაწვენდით და სახლში მიგვყავდა. მას გართობა, წვეულებებზე სიარული და ალკოჰოლის მიღება ძალიან უყვარდა. ჩვენ მისგან ცხოვრების სტილის შეცვლას არ ვითხოვდით, უბრალოდ გვინდოდა, პირველ ადგილზე კრივი დაეყენებინა. ერთხელ, ტომის ვუთხარი, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ივარჯიშებდა, 100 მილიონ დოლარს გამოვიმუშავებდით... ტომიმ ჩემი სიტყვები ყურად არ იღო. მას გართობა ძალიან უყვარდა“, - იხსენებს მორისონის ყოფილი მწვრთნელი, ჯონ ბრაუნი.

ტომიმ საკუთარი ცხოვრება საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებს დაუკავშირა და მისთვის ალკოჰოლისა და მსუბუქი ნარკოტიკების მიღება ყოველდღიურ რუტინად იქცა. ამასთან, „ჰერცოგი“ ნიმფომანიაკი იყო და ამ ყველაფერმა მასზე უდიდესი გავლენა იქონია.

ცხოვრების არანორმალური წესის მიუხედავად, მორისონი რინგზე წარმატებით გამოდიოდა და კრივის გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობაც შეასრულა. ფორმანთან ბრძოლაში მან სწორი ტაქტიკა აირჩია, დისტანცია შეინარჩუნა, „დიდი ჯორჯი“ გააკონტროლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მორისონი WBO-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და ექსპერტთა ვარაუდით, ეს მისი ბრწყინვალე კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო, თუმცა როკი V-სგან განსხვავებით, ტომიმ რეალურ ცხოვრებაში მალევე შეიცნო, რა შეუბრალებელი შეიძლებოდა, კრივი ყოფილიყო.

ფორმანთან გამარჯვებიდან ოთხი თვის შემდეგ, იგი მაიკლ ბენტს დაუპირისპირდა და ვიხილეთ ის, რაც კრივში ყოველთვის შეიძლება, მოხდეს. ბრძოლამდე მორისონს ლენოქს ლუისთან ჯახს და ქამრების გაერთიანებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბენტი სხვა აზრზე იყო. მან მორისონი პირველ რაუნდში სამჯერ დაანოკდაუნა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

„ჰერცოგს“ ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწია. 1995 წელს მან დონოვან რუდოკი დაამარცხა და შემდეგ ლენოქს ლუისსაც შეერკინა, თუმცა ლეგენდარული ბრიტანელის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ლენოქსმა გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი, ტომი შეაქო და განაცხადა, რომ იმ მოკრივეთა შორის, ვის წინააღმდეგაც უჩხუბია, მას ყველაზე ძლიერი დარტყმა ჰქონდა. ამ მოსაზრებას რეი მერსერიც იზიარებს და თვლის, რომ ტომი უფრო ძლიერად ურტყამდა, ვიდრე თვით ლენოქს ლუისი.

ბრიტანელთან ჯახის შემდეგ, მორისონმა კონტრაქტი დონ კინგთან გააფორმა და 1996 წელს არტ უეზერსის, ხოლო მოგვიანებით მაიკ ტაისონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა კრივის ქომაგებმა ვერცერთი ბრძოლა ვერ იხილეს...

1996 წელს ტომის HIV დაუდგინდა და ნევადის სპორტულმა კომისიამ მას მოკრივის ლიცენზია შეუჩერა... წლების შემდეგ, მორისონის დედამ აღიარა, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ კარიერის სტარტზე ვარაუდობდა, რომ HIV-ით იყო დაავადებული, მაგრამ რინგზე მაინც გადიოდა... 2000 წელს, ტომის ყოფილმა მეუღლემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „ჰერცოგი“ HIV-ით 1989 წელს დაინფიცირდა და ამის შესახებ თავად მოკრივისგან გაიგო... ამ აზრზე იყო რამდენიმე ცნობილი გამოცემაც, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია და ამაზე საუბარი არაფერს შეცვლის... მთავარია ის, რაც დიაგნოზიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა...

HIV-ის აღმოჩენამ ტომის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. „ჰერცოგი“ სრულ მარტოობაში აღმოჩნდა და დახმარების გაწევა არც მის „მეგობრებს" უცდიათ.

„პირველი, რაც თავში მომივიდა, იყოს ის თუ ხალხი რას იფიქრებდა. ისე ვიცხოვრე, მეგონა ტყვიაგაუმტარი ვიყავი, ახლა კი ყველაფერთან ერთიანად მიწევს გამკლავება. მახსოვს, საკუთარ თავს სარკეში ვუყურებდი და ვეკითხებოდი: „რა გჭირს? რატომ ხარ ასეთი უბედური“? ყველაფერი მქონდა, რაც ადამიანს სურს ან სჭირდება, მაგრამ ასეთ მომენტებში იარაღი რომ დამენახა, აუცილებლად თავს მოვიკლავდი“.

დიაგნოზიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. მორისონმა მეჯიქ ჯონსონს მიბაძა და ხალხს არწმუნებდა, რომ ეს დაავადება ცხოვრების დასრულებას არ უდრიდა. ტომი მედიკამენტებს იღებდა, წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებს გადიოდა და აქტიურად ვარჯიშობდა. თუმცა მომავალ მეუღლესთან, ტრიშასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...

უეცრად, „ჰერცოგმა“ დიაგნოზი უარყო და მისგან დამალვა სცადა... მან საკუთარი თავი და გარშემომყოფები დაარწმუნა, რომ HIV-ით არ იყო დაავადებული და რინგზე დაბრუნდა... ეს ყველაფერი არაა. მისი თქმით, მას HIV არასდროს ჰქონია და ტესტის პასუხები ცრუ დადებითი იყო...

„ჰერცოგმა“ მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ისინი მარიხუანით და სხვა ნარკოტიკებით ჩაანაცვლა, რომელთა შორის კოკაინი და მეტამფეტამინიც იყო. ამის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა... ეს ფოტოსურათი ტომის პრობლემებს იდეალურად ასახავს... აქ იგი ჯერ კიდევ 40 წლისაა...

„ჰერცოგი“ 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ტრიშა კი მისი სიკვდილის შემდეგაც აცხადებდა, რომ ტომის HIV არ სჭირდა... აღსანიშნავია, რომ რამდენჯერმე მორისონის HIV-ზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ კრივის მესვეურები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მას საკუთარი სისხლი არ ჩაუბარებია...

გაზიარება: