''გამოცდილია, მაგრამ მასზე ზეწოლა გაიზრდება'' - ალენიჩევი ტაბიძის შესაძლო ტრანსფერზე
Aa
Aa

''გამოცდილია, მაგრამ მასზე ზეწოლა გაიზრდება'' - ალენიჩევი ტაბიძის შესაძლო ტრანსფერზე

რუსული ''უფას'' ქართველმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ 2019-20 წლების სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. ადგილობრივი მედიისა თუ მთავარი მწვრთნელის, ვადიმ ევსეევის მხრიდან 24 წლის ცენტრალური მცველის ასპარეზობა დადებითად ხასიათდებოდა.

სტაბილურობის შეძენის ხარჯზე ჯიმი ტაბიძემ სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. ევსეევის აზრით გასული სეზონებისგან განსხვავებით ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რაც პერიოდულად არ ხდებოდა, არამედ ტაბიძე სტაბილურად ახერხებდა გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას.

''საბურთალოს'' ექს-მცველმა შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში ''უფა'' დატოვოს და კარიერა უფრო მაღალი დონის კლუბში გააგრძელოს. ამ თემაზე დმიტრი ალენიჩევი, რომელმაც 2004 წელს ''პორტუსთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რუსულ მედიას ესაუბრა და აღნიშნა, რომ ტაბიძეს ''სპარტაკში'' გადასვლის შემთხვევასი უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოუწევს თამაში.

ალენიჩევი: ''ხშირი საუბარია ''უფადან'' უზბეკი ოსტონ ურუნოვის ''სპარტაკში'' გადასვლის შესახებ, მაგრამ ის საკმაოდ ახალგაზრდაა და მისი ტრანსფერი მომავლის საკითხია. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, ამპლუით ცენტრალურ მცველებს, ნედელჩარუსა და ტაბიძეს, ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან, თუმცა ''სპარტაკში'' გადასვლის შემთხვევაში გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშ მოუწევთ თამაში.''

ტაბიძის ''სპარტაკში'' გადასვლის რეალურ საფუძვლად შესაძლოა ის ფაქტი იქცეს, რომ მიმდინარე თვეში ''უფა'' აღმასრულებელმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა დატოვა და მუშაობა მოსკოვის ''სპარტაკში'' გააგრძელა.

''გენტისა'' და ''ურალის'' ყოფილი მოთამაშე ჯიმი ტაბიძე გასულ სეზონში ''უფას'' პრემიერ ლიგის 25 შეხვედრაში დაეხმარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები