Aa
Aa

ახალი კონტრაქტი - მილანმა რანგნიკს უარი უთხრა და პიოლის გაუხანგრძლივა

იტალიურ „მილანს“ გერმანელი რალფ რანგნიკი აღარ ჩაიბარებს. ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ გაირკვა, როცა გამოცხადდა, რომ „როსონერიმ“ ამჟამინდელ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ლომბარდიული კლუბის მოკლე ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ პიოლისთან შეთანხმება კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების თაობაზე შედგა. „შავ-წითელთა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა კი აღნიშნა, რომ კლუბის ეს გადაწყვეტილება პიოლის ბოლოდროინდელ წარმატებულ მუშაობას უკავშირდება.

თემაზე კომენტარი თავად პიოლიმაც გააკეთა: „კლუბისგან გამოცხადებული ნდობის გამო ბედნიერი ვარ და ვამაყობ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. მათ შორის, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე ნამდვილად მოგვენატრნენ, მაგრამ მათ მხარდაჭერას მაინც ყოველ წამს ვგრძნობთ. ჩვენ დიდი გზის დასაწყისში ვართ და თუკი ასეთივე მუშაობას გავაგრძელებთ, უფრო მეტად განვითარებული და ძლიერი გუნდი გავხდებით“.

View this post on Instagram

✍️ Stefano Pioli extends his agreement as #ACMilan coach until 2022 ✍️ #SempreMilan

A post shared by AC Milan (@acmilan) on Jul 21, 2020 at 3:44pm PDT

როგორც გამოცემა MilanNews-ი წერს, „როსონერის“ ხელმძღვანელებსა და რანგნიკს შორის მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც იტალიურმა მხარემ 62 წლის სპეციალისტს პიოლის თანამდებობაზე დარჩენა და მხოლოდ სპორტული დირექტორის როლი შესთავაზა. როგორც ვიცით, რანგნიკს გუნდში სრული მმართველობის დამყარება სურდა, რაც მთავარ მწვრთნელობას, სპორტულ დირექტორობასა და სამედიცინო შტაბის გაძღოლას მოიცავდა.

პანდემიის შემდეგ ჩატარებული 10 მატჩიდან „მილანმა“ 7 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ასევე, „როსონერიმ“ სერია A-ს ბოლო 9 თამაშიდან თითოეულში მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს, რაც 1964 წლის შემდეგ მათთვის საუკეთესო შედეგია. მაშინ გუნდმა აღნიშნული სვლა 10 მატჩზე შეწყვიტა.

პიოლის შეგირდები შემდეგ თამაშს შესანიშნავ ფორმაში მყოფ ბერგამოს „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე გამართავენ. შეხვედრა 24 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები