შენგელიას წარმატების საიდუმლო - „მუშაობა ემოციების გარეშე
Aa
Aa

შენგელიას წარმატების საიდუმლო - „მუშაობა ემოციების გარეშე"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ „ფუენლაბრადას“ კალათბურთელს, ეარლ ჯეროდ როულენდს ინტერვიუ მისცა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე ისაუბრა.

„დღის ბოლოს საკუთარ თავს ვეკითხები, ისევ გინდა ამის კეთება თუ დანებებას აპირებ? პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, შენს ოჯახს დროს ართმევ და სჯობს სანაცვლოდ რაიმე მაინც მიიღო. რატომ უნდა დაიხარჯო სანახევროდ? ოჯახთან მაინც ვერ ხარ, დროს მაინც კარგავ და სჯობს, მიზნის მისაღწევად 100 პროცენტით დაიხარჯო.

მატჩების შემდეგ, მინდა ყველას დავამახსოვრდე, როგორც ბიჭი, რომელმაც გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა და უკან არასდროს დაუხევია. მინდა, თქვან, რომ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე და არ მინდა, ერთ დღეს გავიღვიძო და საკუთარ თავს ვუთხრა, რომ უფრო მეტი შემეძლო.

ჩემი ძლიერი მხარეები? ვფიქრობ, პარკეტზე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. 15 წლის ასაკამდე, სანამ ვალენსიაში წავიდოდი, გამთამაშებლის პოზიციაზე ვთამაშობდი. გამომდინარე აქედან, მოედნის კარგი ხედვა მაქვს და ბურთს შესანიშნავად ვატარებ, რაც მატჩებისას ძალიან მეხმარება.

ვიცი, რომ თუ მხოლოდ ფარისკენ ზურგით ვითამაშებ, რა დროსაც მეტოქეები ჩემზე ყოველთვის ორმაგ დაცვას დააწესებენ, გუნდს ვერ დავეხმარები. ამიტომ, აუცილებელია ბურთი უკეთ ვატარო, სროლების სიზუსტე გავაუმჯობესო, პარკეტზე სწრაფად ვიმოძრავო და დაცვაში მოვუმატო. ვიცი, რაც მჭირდება და პროგრესის მისაღწევად მაქსიმუმს ვაკეთებ.

ჩემთვის წარმატების მიღწევის მთავარი წინაპირობა ემოციების გარეშე მუშაობაა. მშვიდად უნდა იყო და პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინო. როგორც კი პრობლემას აღმოაჩენ, გამოსავალსაც იპოვი. ამის შესახებ თანაგუნდელებს უნდა ესაუბრო და შემდეგ მოქმედება დაიწყო, რადგან საუბარი საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია. სულერთია რას იტყვი, მთავარია პირველი იყო, ვინც სიტყვას შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არავინ გამოგყვება“.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია და რუსული კლუბის მაისურით მისი დებიუტი VTB ლიგაში შედგება. 23 სექტემბერს ცსკა ნურ-სულთანში „ასტანას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები