ყურბანოვი: ''გოლი ომში დაღუპულებს მივუძღვენი, მათი ოჯახები მძიმე ვითარებაში არიან''
Aa
Aa

ყურბანოვი: ''გოლი ომში დაღუპულებს მივუძღვენი, მათი ოჯახები მძიმე ვითარებაში არიან''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მე-6 ტურში თბილისის ''მერანი'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე ''სამტრედიასთან'' 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ზურაბ თევზაძის გოლით ''მერანმა'' მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს. შოთა კერძევაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ნიჯატ ყურბანოვმა პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

აზერბაიჯანელმა ყურბანოვმა გამარჯვების გოლი სამხედრო სალმით აღნიშნა და გოლი იმ თანამემამულეებს მიუძღვნა, რომლებიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან განხორციელებული შეტაჯებისას დაიღუპნენ.

28 წლის ფეხბურთელი, რომელიც იმერულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს, ''სამტრედიას'' პრესსამსახურს ესაუბრა.

ნიჯატ ყურბანოვი: "მერანთან კარგად ვითამაშეთ. მატჩის სტარტზე გოლი გავუშვით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. თუ შემდეგ თამაშებშიც ასე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს ჩავდებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, ამ ჟესტით გოლი მივუძღვენი ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე სიტუაციაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა."

მიმდინარე სეზონში ყურბანოვმა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, საქართველოს ჩემპიონატის ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები