ედვინ ვალეროს დემონები
Aa Aa

ედვინ ვალეროს დემონები

„ყველას გვყავს დემონები, რომლებთან ბრძოლაც გვიწევს. ჩვენ მათ შიშს, სიძულვილსა და სიბრაზეს ვუწოდებთ. თუ მათ დამარცხებასა და განადგურებას ვერ მოახერხებ, 100-წლიანი ცხოვრება ტრაგედიად იქცევა. თუ მათ დამარცხებასა და განადგურებას მოახერხებ, ცხოვრების თითოეული დღე ტრიუმფი იქნება“ - ეს სიტყვები ლეგენდარულ იპ მენს ეკუთვნის, მაგრამ ეს სტატია ტრიუმფატორზე ნამდვილად არ გახლავთ. ეს არაა ისტორია, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. პირიქით, ესაა ისტორია, რომელიც გვარწმუნებს, რომ შინაგან დემონებთან გამკლავება ურთულესია.

ვინ ვართ? რატომ ვიბადებით? რისთვის ვცხოვრობთ? რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ალბათ, თითოეული ჩვენგანი ცდილობს და გამონაკლისი არც მერიდაში დაბადებული ბიჭი იყო, რომელმაც ბავშვობის აბსოლუტურად ყველა დღე თავისთვის და თავისი ოჯახისთვის ლუკმაპურის შოვნაში გაატარა.

დარწმუნებული ვარ, ხშირად მოგისმენიათ ფრაზა, რომ ბავშვობა ცხოვრების ყველაზე უდარდელი და ბედნიერი პერიოდია. ვენესუელელი მოკრივის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა.

ედვინ ვალერო 1981 წლის 3 დეკემბერს, მერიდაში მდებარე პატარა სოფელში, ბოლერო ალტოში დაიბადა. სხვა თანატოლების მსგავსად, იგი უკიდურეს სიღარებიში იზრდებოდა და უამრავ პრობლემასთან უხდებოდა გამკლავება. 7 წლის ასაკში ვალერო მამამ მიატოვა და ედვინმა ოჯახის გაძღოლა საკუთარ თავზე აიღო. იგი მუშაობდა, ჩხუბობდა, იპარავდა, ისევ მუშაობდა, ისევ ჩხუბობდა და ისევ იპარავდა... 9 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და დღეებს ავტობუსის სადგურზე, „ელ ვიხიაზე“ ატარებდა, სადაც ხილს ყიდდა და ხშირად კარდაკარ დადიოდა და დიასახლისებს ნივრის შეძენას სთავაზობდა.

ლეგენდის თანახმად, თინეიჯერობის ასაკში ვალერო უსახლკარო იყო, შიმშილობდა და მშობლიური ქალაქის სახიფათო ქუჩებში გადარჩენას ძლივძლივობით ახერხებდა. საბოლოოდ, მან პრობლემებთან გასამკლავებლად უმარტივესი გზა აირჩია, ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში გაწევრიანდა, კრიმინალურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

„ბიჭებმა, რომლებთანაც ჩემი შვილი მეგობრობდა, სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს. 30 ბიჭიდან 20 წელს მხოლოდ ერთმა, ისიც ჩემმა შვილმა მიაღწია. მათი უმრავლესობა ჯერ გაძარცვეს, ხოლო შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს“, - განაცხადა ვალეროს დედამ ერთ-ერთი გამოცემასთან საუბრისას.

ვალერო ვენესუელაში გატარებული წლების შესახებ იშვიათად საუბრობდა, თუმცა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი ჯოჯოხეთში გაატარა და უსამართლო ცხოვრებამ მას ბავშვობა წაართვა.

„ჩემში არის რაღაც, რაც დროგამოშვებით აუცილებლად უნდა ავუშვა და ვიღაცისკენ მივმართო. შესაძლოა, ეს სიბრაზე ან სიძულვილი იყოს, რომელიც იმის გამო მეუფლება, რომ ბავშვობა წამართვეს“.

ქუჩურმა ცხოვრებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი ცხოვრება ქუჩაშივე დასრულდებოდა შემთხვევით ნაპოვნი სამსახური რომ არა. ვალერომ ველოსიპედების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, რომლის მფლობელიც ყოფილი მოკრივე გახლდათ. ედვინის ტალანტი სწორედ მან შეამჩნია და ახალგაზრდა ვალერო თავისი მეგობრის, ოსკარ ორტეგას კრივის დარბაზში წაიყვანა.

„ელ ინკას“ დაბადება სწორედ ამ მომენტში დაიწყო, თუმცა კინაღამ მალევე დასრულდა.

2001 წელს, 19 წლის ასაკში ვალერო მოტოციკლს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მძიმე ავარიაში მოყვა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ედვინს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ეს მისი არდაწყებული კარიერის დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვალერო სხვა აზრზე გახლდათ. ინციდენტიდან 18 თვის შემდეგ, ექიმებმა მას რინგზე გასვლის უფლება მისცეს და ედვინმა პირველი ბრძოლა კარაკასში, ედუარდო ჰერნანდესის წინააღმდეგ გამართა.

„დინამიტმა“ თავისი მეტსახელი გაამართლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ვალერო მეტოქეებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო და მისი მომდევნო 17 ბრძოლიდან 1 რაუნდზე მეტი არცერთი გაგრძელებულა. ვენესუელელმა მოკრივემ თავისი ცივსისხლიანობითა და ფეთქებადი ხასიათით სახელი მალევე გაითქვა, მაგრამ აშშ-ში ბრძოლის უფლებას მაინც არ აძლევდნენ. საქმე ზემოთ ხსენებულ ავარიას ეხება, რომლის გამოც ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ მისთვის მოკრივის ლიცენზიის მიცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ვალერო არ დანებებულა, მიზანს მიაღწია და მის შესახებ მალე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა...

2006 წლის აგვისტოში მან ვისენტე მოსკერა დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ვალერომ დომინაცია გააგრძელა, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და WBC-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 25 ბრძოლა, 25 გამარჯვება, 25 ნოკაუტი... ამით არაფერი დასრულებულა. კიდევ ორი შერკინება, კიდევ ორი გამარჯვება და მოკრივე, რომელზეც ლეგენდები დადიოდა... ვალეროს პაკიაოსთან უნდა ეჩხუბა. გულშემატკივრებს კი საოცარი ბრძოლა უნდა ეხილათ, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა...

კრივი იყო ის, რაც მას დემონების დამარცხებაში ეხმარებოდა. ედვინი მთელ მრისხანებასა და ბრაზს რინგზე ტოვებდა, მაგრამ წარმატებასთან და ფულთან ერთად მის ცხოვრებაში ალკოჰოლი და ნარკოტიკები დაბრუნდა. იგი საყვარელ ადამიანებზე ძალადობდა, მაგრამ პრობლემები არასდროს ექმნებოდა, რადგან მისი მეგობარი თვით უგო ჩავესი გახლდათ... ადამიანი, რომლის ტატუც ვალეროს მკერდზე ჰქონდა ამოსვირინგებული...

დაუმარცხებელი ვალერო პირველად 2009 წელს დამარცხდა. ოღონდ, რინგზე არა... ედვინს დემონებმა სძლიეს... 2009 წლის სექტემბერში იგი დედისთვისა და დისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. ვალერო ყველაფერს უარყოფდა და ამბობდა, რომ მის ოჯახს! მისი რეპუტაციის განადგურება სურდა. დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დედამისმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მის შვილს არაფერი დაუშავებია. დროის გასვლასთან ერთად, ვალეროს მდგომარეობა გართულდა. იგი ეჭვობდა, რომ მის მეუღლეს სასიყვარულო რომანი ჰქონდა და პოლიცია, ბანდიტები და მისი დედაც კი მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ.

2010 წლის 25 მარტს ვალერო ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მისი მეუღლე, ჯენიფერი ჩალურჯებებისა და დაზიანებული ფილტვის გამო საავადმყოფოში აღმოჩნდა. ვალერომ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მისი მეუღლე კიბეებზე დაგორდა. მოგვიანებით, ჯენიფერ ვალერომ „დაადასტურა“, რომ ყველაფერი შემთხვევითობა იყო. არადა, იმავე საავადმყოფოში, იმავე დაზიანებებით მესამედ მოხვდა...

„არაფერი გვითქვამს, რადგან მოკვლით დაგვემუქრნენ. ბუნებრივია, მომხდარ ტრაგედიაში ბრალი ჩვენც მიგვიძღვის, რადგან დუმილი შევინარჩუნეთ, მაგრამ აუცილებელია ხელისუფლების ბრალეულობაზეც ვისაუბროთ. ვალერო უგო ჩავესის მეგობარი იყო და ამის გამო, მას განსხვავებულად ექცეოდნენ. ის ჯენიფერს ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა და 10-წლიანი ქორწინების განმავლობაში მუდმივი ტერორის ქვეშ ჰყავდა, - იხსენებს ჯენიფერის ბიძა.

ვალეროს შემაკავებელი ორდერი დაუწესეს, მაგრამ ვენესუელელ მოკრივეს ეს მეუღლესთან ყოფნაში ხელს ვერ უშლიდა... ზემოთ ხსენებული ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, ვენესუელა საზარელმა ამბავმა შეძრა... პოლიციამ ერთ-ერთ სასტუმროში ჯენიფერის ცხედარი აღმოაჩინა...

„ედვინ ვალერო სასტუმროს მისაღებში მივიდა და აღიარა, რომ მეუღლე მოკლა, რის შემდეგაც, სასტუმროს პერსონალმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლისას დაადასტურეს, რომ ჯენიფერ ვალერო გარდაცვლილი იყო და მოკრივე მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს“, - ეს განცხადება ვალეროს დაკავებიდან წუთების შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გააკეთეს...

ედვინი ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო და ყველაფერს ბანდიტებს აბრალებდა, თუმცა დაკავებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ, იგი თავისივე საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ვალერომ საკუთარი შარვლისგან ყულფი გააკეთა და თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მის პირში ოჯახის ფოტოსურათი აღმოაჩინეს...

„როცა ვალერომ დაგვირეკა, ისე საუბრობდა, თითქოს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. მან გვითხრა, რომ ჯენიფერის ცხედარი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ესვენა და იგი ბანდიტებმა მოკლეს“, - აცხადებს ჯენიფერის ბიძაშვილი...

ვალეროს დედა მთავარ დამნაშავედ მთავრობას მიიჩნევს... „ჩემი შვილის სიკვდილი და ეს ტრაგედია მთავრობის ბრალია. მართალია, უდანაშაულო არც მე ვარ, მაგრამ ედვინი ძალიან ავად იყო და მას მკურნალობა ესაჭიროებოდა. იგი ნარკოტიკებს 18 წლიდან მოიხმარდა და ალკოჰოლზე გახლდათ დამოკიდებული“.

ამბობდნენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, ვალეროს შიზოფრენია დაუდგინეს... ვენესუელელის საახლობლო წრე აცხადებდა, რომ იგი ძალიან შეიცვალა და უცნაურად იქცეოდა... იმასაც ამბობდნენ, რომ დაპატიმრებამდე ვალერომ პოლიციელებს სთხოვა საწოლის ქვეშ შეეხედათ და ენახათ იქ ვინმე, ან რამე ხომ არ იყო...

გაზიარება: