„მერსედესმა“ შესაძლოა 1000-ცხენისძალიანი ზღვარი გადალახა
Aa
Aa

„მერსედესმა“ შესაძლოა 1000-ცხენისძალიანი ზღვარი გადალახა

ფორმულა 1-ის ტურბო ჰიბრიდულ ძალურ დანადგარებს ბევრი აკრიტიკებს. უმთავრეს ნაკლად დაბალ ხმას უთვლიან. დაკიდევ, ბევრი თვლის, რომ საწვავის ეკონომიაზე ზრუნვა ფ1-სთვის ზედმეტია. მაგრამ არავინ ამბობს, რომ ამ აგრეგატებს სიმძლავრე აკლია. პირიქით. შემოღებიდან (2014 წელი) მოკლე დროში, ამ ძრავების სიმძლავრე, წინამორბედ ატმოსფერულ V8 აგრეგატებისას ასცდა.

მას შემდეგ, ძრავების ყველა მწარმოებელმა შეძლო 900 ცხენის ძალის მიღწევა და როგორც კულუარებში ლაპარაკობენ, „მერსედესმა“ კიდევ უფრო მაღალ მწვერვალს, 1 000 ცხენის ძალას მიაღწია. ოღონდ, ამ სიმძლავრეს სამქიმიანების ძრავი მცირე ხნით, კვალიფიკაციაზე აღწევს, როცა ბრძოლა პოულისთვის მიდის ხოლმე. როგორც ჩანს, სწორედ ამ დამატებითი ცხენის ძალების წყალობით ახერხებენ ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი სხვების დაჩაგვრას.

რა თქმა უნდა, გერმანული კომპანია თავისი ძრავების ზუსტ მონაცემებს არასდროს გამოაქვეყნებს. მაგრამ პადოკში დამოუკიდებელი ექსპერტები მუდმივად ატარებენ ანალიზს, რისთვისაც აგრეგატის ხმას იყენებენ. ასეთი ანალიზის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ „მერსედესის“ მიერ, ბელგიური ეტაპისთვის შემუშავებული ძრავის სიმძლავრე 980 ცხენის ძალას აღწევს.

სინგაპურის ეტაპის დროს ჩატარებულმა ხმოვანი ტესტების ანალიზმა კიდევ უფრო საინტერესო შედეგი აჩვენა - სამქიმიანების ძალური დანადგარის ჯამურმა სიმძლავრემ 1 000 ცხენის ძალას ასცდა. ოღონდ, ეს შედეგი კვალიფიკაციის მიწურულს დაფიქსირდა, როცა სამქიმიანების პილოტებს საშუალება ჰქონდათ, 50 წამით ჩაერთოთ ძრავის მართვის პროგრამა (ე.წ. მაგიური ღილაკი), რომელიც სიმძლავრის ზრდას უზრუნველყოფს.

ექსპერტთა შეფასებით, „მაგიური ღილაკის“ ჩართვის შემდეგ, შიდაწვის ძრავის სიმძლავრე მცირე ხნით 80 ცხენის ძალით იზრდება. ეს საკვალიფიკაციო პროგრამა არაა ხელმისაწვდომი „უილიამსისთვის“, რომლებმაც ბელგიის კვალიფიკაციაზე, „მერსედესებთან“ რამდენიმე მეათედი წამი წააგეს. ასე კი ლიდერებთან პაექრობა შეუძლებელია.

თუ ჩავთვლით, რომ კვალიფიკაციაზე „მერსედესის“ ძალური დანადგარი 980 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ასევე გავითვალისწინებთ, რომ თბური (MGU-H) და კინეტიკური (MGU-K) ენერგიის აღდგენის სისტემები ჯამში 160 ცხენის ძალას იძლევა, გამოვა, რომ შიდაწვის ძრავის სიმძლავრე 820 ცხენის ძალას აღწევს. შესანიშნავი მაჩვენებელია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას 1.6-ლიტრიანი ძრავი იძლევა. და ეს იმ დროს, როცა საწვავის ხარჯი საათში 100 კილოგრამით არის შეზღუდული. გარდა ამისა, აკრძალულია არაერთი ისეთი ეგზოტიკური მასალის გამოყენება (ძრავის ფასის შესამცირებლად), რომლებსაც ძრავის სიმძლავრის გაზრდა და გამძლეობის გაუმჯობესება შეუძლია.

სარბოლო კონფიგურაციით, „მერსედესის“ შიდაწვის ძრავის სიმძლავრე „მხოლოდ“ 750 ცხენის ძალაა, რაც „ფერარის“ 061/1-ის სიმძლავრეზე ბევრით მეტი არაა. მარანელოელებს ბევრით არ ჩამორჩებიან „რენო“ და „ჰონდა“. საბოლოო ჯამში, „მერსედესის“ დიდ უპირატესობას განაპირობებს სიმძლავრის პიკური ზრდა კვალიფიკაციასა და რბოლის გარკვეულ მომენტებში.

სინგაპურის დიდი პრიზის რბოლის მესამე წრეზე, როცა რბოლა რესტარტით განახლდა, ნიკო როსბერგმა უმალ მოახერხა დანიელ რიკიარდოსთან ისეთი უპირატესობის მიღწევა, რომელიც ავსტრალიელს DRS-ის გამოყენების საშუალებას არ მისცემდა. ამის შემდეგ, როსბერგის ძრავი „ჩვეულებრივ“ რეჟიმში ამუშავდა და ორ პილოტს შორის სხვაობაც სტაბილური იყო.

„ფერარის“ ძრავი რბოლებისას ახლოსაა „მერსედესის“ ძრავთან. მაგრამ მას არ აქვს ის დამტებითი სიმძლავრე, რაც კვალიფიკაციის დროს გამოადგება. ამ პრობლემაზე ამჟამად მარანელოში ინტენსიურად მუშაობენ და შესაძლოა, სეზონის მიწურულს მათაც შეძლონ დამტებითი სიმძლავრის რესურსის მოძებნა. მათ წინაშე ერთი გადაულახავი პრობლემაა, რომელიც აგრეგატის გამძლეობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კომპანია ამ საქმეში ქიმიის ჩართვას აპირებს, რომლის საწვავში დამატებითაც, სიმძლავრის გაზრდა მოხერხდება. ოღონდ, ამან შესაძლოა ძრავის რესურსი შეამციროს. გარდა ამისა, ქიმიის გამოყენებას რეგლამენტი ზღუდავს.

ცხელი ამბები