სუპერმენის დაბადება - როცა ჯიჯიმ ფენომენს პენალტი აუღო
Aa Aa

სუპერმენის დაბადება - როცა ჯიჯიმ ფენომენს პენალტი აუღო

თუ ოდესმე ბუფონის კარიერაში იყო მომენტი, როცა მას ყოვლისშემძლეობა სურდა, მაშინ ეს დღე ზუსტად 1998 წლის 8 მარტია.

დიდებისკენ სრული სვლით მიმავალი რონალდო და ჩემპიონობისთვის შემართული „ინტერი“ „პარმასა“ და მის 20 წლის მეკარეს შეეჯახნენ. 67-ე წუთზე, „ენიო ტარდინის“ ტრიბუნები სიხარულისგან დაინგრა. გუნდელები გაიქცნენ კონტრშეტევაში, ხოლო ჯიჯი წამოხტა და მეკარის ზედა გაიხადა, რომლის ქვემოთ სუპერმენის მაისური ეცვა...

აქამდე ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა - 14 წლის უკვე „პარმას“ პრიმავერას ძირითადი მეკარე იყო, 17 წლის ასაკში სერია A-ს ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა (შემდგომში ეს რეკორდი ჯანლუიჯი დონარუმამ დაამხო), რის შემდეგ დრო გადიოდა და „ჯიჯის“ მშრალ მატჩთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. იტალიის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1995 წლის 19 ნოემბერს შედგა. ნევიო სკალამ 17 წლის ბუფონი კარში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ „მილანის“ წინააღმდეგ დააყენა. სკალა თვლიდა, რომ თინეიჯერი ბიჭი ჟორჟ ვეასა და რობერტო ბაჯოს დარტყმების მოსაგერიებლად მზად იყო.

„მილანთან“ გამართული ეს მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა, რაშიც თინეიჯერი მეკარის წვლილი უდიდესი იყო. მან მარკო სიმონესა და იმავე ბაჯოს განმაცვიფრებელი ბურთები აუღო.

მატჩის შემდეგ მილანელთა თავკაცი, ფაბიო კაპელო ამბობდა: „დღეს ისეთი ახალგაზრდა მეკარის დებიუტი შედგა, როგორიც ბუფონია. ჩემი აზრით, „პარმას“ მხრიდან საუკეთესოდ სწორედ მან ითამაშა. სამ ეპიზოდში გასაოცარი სეივები შეასრულა, განსაკუთრებით გამოვყოფდი მის თამაშს სიმონეს წინააღმდეგ, როცა კარი დროულად დატოვა და მარკოს გოლი არ გაატანინა“.


ბუფონი 1997-98 წლების სეზონს სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სტატუსით შეხვდა. მან ასაკობრივი ნაკრებები მოიარა, რეკორდებიც მოხსნა, 19 წლის ასაკში კი გახდა ყველაზე ახალაგზრდა გოლკიპერი, რომელიც „სკუადრა აძურას“ შეკრებაზე გამოიძახეს. მას უნდა ჩაენაცვლებინა ანჯელო პერუცი, რომელსაც მაშინ მსოფლიოს უძლიერეს მეკარედ მიიჩნევდნენ.

შემოდგომაზე უკვე ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონის ჯერი დადგა. პირველ სამ შეხვედრაში ჯიჯიმ გოლი არ გაუშვა. ნოემბერში კი მოქმედ ჩემპიონ „დორტმუნდთან“ მარცხის მიუხედავად, გაზეთებში პირველ გვერდზე მაინც ბუფონს მოიხსენიებდნენ - შაპუიზასა და მიოლერს პენალტები აუღო.

მეორე დღეს Gazzetta dello Sport-ი წერდა: „მეკარეს, რომელიც დორტმუნდში ორ პენალტს იგერიებს, ყველაფერი შეუძლია. ის ან ახალი მაიკლ ჯორდანია ან სუპერმენი ან ბეტმენი. რომელი იქნება "ჯიჯის" ასარჩევია, ხოლო „პარმა“ იმედოვნებს, რომ ის ფეხბურთელად დარჩება.“

კარგი იქნებოდა, ბეტმენსა და სუპერმენს შორის სუპერგმირი თვითონ აერჩია, მაგრამ ეს მაისური მას ნეაპოლელმა გოგო გულშემატკივარმა აჩუქა. მაისურის თაობაზე არავინ იცოდა, კარადაში შენახულ საჩუქარს „ჯიჯიც“ იშვიათად თუ მოკრავდა თვალს.

სუპერმენის მაისური, რომელსაც დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა

1996/97 სეზონში „პარმამ“ მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი და ჩემპიონ „იუვეს“ 2 ქულით ჩამორჩა. მომდევნო წელს გუნდმა ვერ გაუწია მეტოქეებს ისეთივე კონკურენცია და უკვე მე-6 ადგილზე გავიდა. "ჯიჯიც" მხოლოდ მეორე წრეში გახურდა.

15 თებერვალს მან პირველად ჩაიცვა სუპერმენის მაისური და სანამ ვერავინ ხედავდა, ბევრი შესანიშნავი სეივიც შეასრულა. თანდათან ის მისი საიდუმლო თილისმა გახდა. პარმელებმა „უდინეზე“ დაამარცხეს, შემდეგ მოგებათა სერია იყო. „ინტერთან“ მატჩამდე ერთი კვირით ადრე, ბუფონმა „ბოლონიასთან“ მატჩისას სუპერთამაში აჩვენა და უამრავი ბურთი მოიგერია.

ცნობილი ჟურნალისტი, ანდრეა ელეფანტე წერდა: „ბუფონი - ფენომენალური, უცხოპლანეტელი. ბიჭი მხოლოდ 20 წლისაა. მისი კარიერა დიდი ავტობანივითაა, რომელზეც საცობებს ვერ ვხედავთ”.

იმ პერიოდში ასეთივე, მაგრამ თან ნამდვილი „ფენომენი“, რონალდო ლუის ნაზარიო „ინტერში“ ასპარეზობდა. ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ლილიან ტურამი იხსნებს: „ასეთი სისწრაფე არასდროს მქონდა ნანახი, ის მე გამცდა და კანავაროს ვეძახდი ჯარიმა, ჯარიმა აიღე-მეთქი, მან კი იგი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. რამდენიმე წუთში ისევ მე გამცდა, თუმცა მისი წაქცევა მოვახერხე და მსაჯმა მეც ყვითელი ბარათი მომცა. ფაბიომ გამომხედა და მითხრა: „ასე თუ გაგრძელდა, 9 კაცით დავასრულებთ, როგორ გავაჩეროთ ის"? - რონალდომ ჩვენი დიალოგი გაიგო და ცუდი იტალიურით გვითხრა: „ბიჭებო, მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა“, - იმ მომენტში თავი დაუცველ და უსუსურ არსებებად ვიგრძენით“.

თამაში დაიწყო. მიმდინარეობისას ბუფონმა ჯორკაეფის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი, რონალდოს საქმეში ჩართვამდე, ნაკლები საქმე ჰქონდა. მეორე ტაიმის შუაში „ფენომენმა“ ბურთი მიიღო, მოატყუა ორი ფეხბურთელი, თუმცა საჯარიმოში შესული წესების დარღვევით შეაჩერეს - პენალტი! მფრინავ ბრაზილიელს ზედიზედ 4 თერთმეტმეტრიანი ჰქონდა გატანილი და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ იგი „ნერაძურის“ დააწინაურებდა.

ბუფონმა კუთხე გამოიცნო და ბურთი მოიგერია, შემდეგ ემოციებმოძალებული „ენიო ტარდინის“ ტრიბუნებს მიუბრუნდა, მაისური აიწია და თავისი საიდუმლო გაუმხილა - ის სუპერმენი იყო! მოგვიანებით ერნან კრესპომ გაიტანა და "ჯალობლუმ" მილანურ გრანდს 1:0 მოუგო.

„რატომ სუპერმენი? იმიტომ, რომ იქამდე ეს არავის გაუკეთებია. მე არავისთვის არ მიჩვენებია ეს მაისური. არ მეყო სითამამე, ჩამეცვა მაისური იქამდე, სანამ ამის აუცილებლობა არ ვიგრძენი. ნახეთ, რა ჩავიდინე. ამიერიდან ფრთხილად უნდა ვიყო. ახალგაზრდა ვარ, მაგრამ არა - სულელი. ვიცი, რა და როგორ ხდება. ყველა ჩასაფრებულია, რომ სუპერმენს დასცინონ“, - თქვა 20 წლის მეკარემ მატჩის შემდეგ.

"ჯიჯიმ" იცოდა რაზეც ლაპარაკობდა. სუპერმენი ყველაზე პოპულარული კომიქსია მსოფლიოში. იტალიაში ის 1939 წელს გაჩნდა, თუმცა საქმე ამაშიც არ იყო. იტალიას თავის სუპერმენი უკვე ჰყავდა - სილვიო პიოლა! ერის სიამაყე, მაკრატელა დარტყმის გამომგონებელი და დღემდე იტალიის სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ასე რომ, პატარა ბუფონი დიდ, ამაღლებულ ცნებას შეეხო. იგი ნებისმიერ იტალიელ ფეხბურთელზე მეტად უყვარდათ და უყვართ, ყველა აპენინელს სურდა, პიოლა ყოფილიყო.

1998 წლის 8 მარტს, „ჯიჯიმ“ „ფენომენისთვის“ აღებული პენალტით მსოფლიოს გამოუცხადა, რომ სუპერმენს ყველაფერი შეეძლო და მისგან სასწაულებს უნდა მიჩვეულიყვნენ.

გაზიარება: