Aa
Aa

"ვარ, თუ არა წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი?" - სეტიენის მორიგი გამაღიზიანებელი პასუხი

კიკე სეტიენმა პრესასთან ისაუბრა და „ბარსას“ ქომაგებისთვის მორიგი გამაღიზიანებელი განცხადება გააკეთა.

61 წლის სპეციალისტმა გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად არ აიღო და თან დაამატა, რომ მომდევნო სეზონში თავს კვლავ „ბარსას“ თვკაცის პოსტზე ხედავს.

„სუარესი ლა ლიგას უკვე დაკარგულად თვლის? ეს მისი პოზიციაა. ჩემი აზრით ჩემპიონატში ჯერ არაფერია დასრულებული და დარჩენილი ორი მატჩის მოგება გვმართებს.

ასეთ სიტუაციაში ნათამაშები 3 ფრეს გამო აღმოვჩნდით. მადრიდელები კი ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

ვარ, თუ არა გუნდის წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა კი, თუმცა არა სავსებით.

ზოგ ასპექტში თამაში უნდა გაგვეუმჯობესებინა და მოედანზე სათამაშოდ ბევრად უფრო მშვიდად გამოვსულიყავით.

რა თქმა უნდა, ჩემ თავს მომავალ სეზონშიც ბარსელონას მწვრთნელად ვხედავ. მსგავსი სიტუაცია ადრეც მაქვს გამოცდილი. დიახ, ბევრ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმცა ის შრომა არ უნდა დაიკარგოს, რომელიც გავწიეთ“.

"ბარსას" თავკაცის ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში ქომაგების მორიგი უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.

სეტიენის კომენტარიდან ნათლად ჩანს და კიდევ უფრო ცხადი ხდება ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კონფლიქტი.

როგორც ჩანს, სეტიენი ბევრ რამეში ფეხბურთელებს ადანაშაულებს და ამის თქმა არ ერიდება.

თავის მხრივ, „ბარსას“ რამდენიმე მოთამაშე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. მაგალითად ლუის სუარესი და ხერარდ პიკე. ლეო მესიმ კი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის წარმოებული მოლაპარაკებები უკვე 2 კვირაა შეაჩერა და არავინ იცის რას გადაწყვეტს არგენტინელი.

ამ მომენტისთვის პრეზიდენტი ბართომეუ კიკე სეტიენს სრულ ნდობას უცხადებს და მის დათხოვნას არ გეგმავს. ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გადაწყდება. აგვისტოს ბოლოს შესაძლოა „ბლაუგრანაში“ ხმაურიანი განცხადებების მორიგი ტალღა ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები