მხიარულება მადრიდში
Aa
Aa

მხიარულება მადრიდში

დასავლეთი კონფერენციის შარშანდელი ფინალისტი "ოკლაჰომა სიტი" მადრიდს ეწვია და "რეალთან" საჩვენებელი მატჩი ჩაატარა.

პირველ ტაიმში დომინირების ("ოკლაჰომამ" 15 ქულა მოიგო) შემდეგ, სტუმრებისთვის ცუდს არაფერი მოასწავებდა. მაგრამ მეორე ნახევარში გაგრძელდა მხიარული კალათბურთი, ოღონდ, ამჯერად, მადრიდელთა უპირატესობით. "ოკლაჰომა" მაინც ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ სერხიო ლიულმა ძირითადი დროის სირენასთან ერთად ჩააგდო სამქულიანი და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა - 126:126.

დამატებითი დრო "რეალმა" ოტელო ჰანტერის მონდომებით 5:0 გაქცევით დაიწყო და მადრიდელებმა სწორედ ხუთი ქულით მოიგო მატჩი.

მატჩის წინ, ერთმანეთს შეხვდნენ "ოკლაჰომასა" და "რეალის" ვარსკვლავები - რასელ უესტბრუკი და კრიშტიანო რონალდო და მაისურები გაცვალეს.

რეალი-ოკლაჰომა 142:137 (ო)
22:35, 28:30, 37:30, 39:31, 16:11
რ: კეროლი (24), ლიული (22), ჰანტერი (19).
ო: ოლადიპო (34), კანტერი (29+10 მოხსნა), უესტბრუკი (18), აბრინესი (12), ილიასოვა (11).

გუშინდელი ამბები
- გუშინდელი მატჩებიდან გამოსაყოფია "ჩიკაგოში" დუეინ უეიდის დებიუტი. ექს-მაიამელმა ორიდან ორი სამქულიანი ჩააგდო და ექვსი ქულა დააგროვა. უეიდს მხოლოდ 12 წუთი სათამაშო დრო ჰქონდა.

- "იუტას" მცველმა დანტე ეკზამმა, რომელმაც გასული სეზონი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა, პირველი თამაში ჩაატარა "ჯაზმენთა" რიგებში. "პორტლენდთან" წინასასეზონო მატჩში მისი მონაგარი იყო - 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი.

- სტივენ კარიმ უმცროსმა ძმამ - სეტ კარიმ შედეგიანი თამაში აჩვენა "დალასის" შემადგენლობაში. "შარლოტის" წინააღმდეგ, 26 წლის მცველმა 13-დან შვიდი ტყორცნა (ექვსიდან ხუთი სამქულიანი) ჩააგდო და 20 ქულა დააგროვა.

- "ატლანტას" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ახალ სეზონში სამქულიანების სროლას აპირებს. "მგონია, რომ ჩემს სამქულიანებს არავინ მიიჩნევდა სერიოზულად, მაშინაც კი, როცა ბურთს კალათში ვაგდებდი. ვაპირებ ზრდას და განვითარებას. მწვრთნელი ბუდენჰოლცერი ენდობა ჩემს სამქულიანებს", - განაცხადა ჰოვარდმა.

- "ოკლაჰომას" ცენტრმა სტივენ ადამსმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა "რეალთან" წინასასეზონო მატჩში. ზელანდიელმა ფეხი გადაიბრუნა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა და თამაში აღარ გაუგრძელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები