პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
Aa
Aa

პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ 2016-17 წლების სეზონს სრულად ჩაატარებს, რის შემდეგაც, დაასრულებს პროფესიულ კარიერას.

"აი ისიც, ჩემი ბოლო სეზონი. დროა, კალათბურთიდან რაიმე სხვა საქმეზე გადავიდე. ისევე როგორც ყველა რთული გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროა საკუთარ თავთან განმარტოვება. კარიერის დასრულება გადავწყვიტე, თუმცა, მანამდე, ბოლო მოგზაურობა მელოდება. კიდევ ერთი სეზონი, კიდევ ერთი შანსი.

იმ ქალაქში, სადაც გავიზარდე, "კლიპერსთან" ერთად, შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს. ჩვენ "მშივრები" ვართ და ჩემპიონატის მოგება გვინდა. NBA-ში გატარებული 18 წლის შემდეგ, ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ თითოეული არენაზე ბოლოჯერ ვითამაშებ. სიამოვნებას მივიღებ თითოეული ვარჯიშისგან, ავტობუსით ნებისმიერი მგზავრობისგან, გუნდთან ერთად ყოველი ვახშმისგან, მოედანზე გასვლისგან... მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, რათა საბოლოო შედეგის მიღწევის შანსი გვქონდეს", - დაწერა პირსმა Players Tribune-ზე.

პოლ პირსი - "ბოსტონ სელტიქსის" ლეგენდაა. ის მეორეა ამ გუნდის ისტორიაში დაგროვილი ქულების მიხედვით - 24021 ქულა 1102 მატჩში. "კელტებთან" ერთად, ფორვარდი 2008 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტული დაისაკუთრა.

პირსს ცხრაჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ოთხჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები