რუსტიკო ტორეკამპო - პირველი მოკრივე, რომელმაც მენი პაკიაო დაანოკაუტა
Aa Aa

რუსტიკო ტორეკამპო - პირველი მოკრივე, რომელმაც მენი პაკიაო დაანოკაუტა

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს რუსტიკო ტორეკამპოს სახელი აქამდე არასდროს გაუგონია, ან თუ გაუგონია, მის შესახებ ალბათ, ძალიან ცოტა რამ იცის. რუსტიკო ტორეკამპო ფილიპინელი მოკრივეა და იმ მცირერიცხოვან მოკრივეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც ლეგენდარული მენი პაკიაო დაანოკაუტეს. უფრო მეტიც, რუსტიკო ტორეკამპო ის ადამიანია, რომელმაც „პაკმენს“ პირველმა აგემა, რას ნიშნავს ნოკაუტში ჩავარდნა...

მიუხედავად ამისა, ექსპერტთა უმრავლესობა ამბობს, რომ ტორეკამპოს არ დაუმარცხებია პაკიაო, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე გახდა, პაკიაო, რომელმაც ჩემპიონობა რვა სხვადასხვა წონით დივიზიონში მოიპოვა, პაკიაო, რომლის ბრძოლების დროს ფილიპინებში კრიმინალის დონეც კი ნულს უტოლდება, მან უბრალოდ კიბავეში დაბადებულ 17 წლის სუსტი აღნაგობის მქონე ბიჭუნას სძლია, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. ბიჭუნას, რომელსაც მისნაირი ახალგაზრდების მსგავსად, რამდენიმე წლის შემდეგ, ხელთათმანები ლურსმანზე უნდა ჩამოეკიდებინა და ჯოჯოხეთში დაბრუნებულიყო...

ცნობილი ფილიპინელი კომენტატორი და წამყვანი, ქუინიტო ჰენსონი იხსენებს: „პაკიაო ახალგაზრდა იყო, მაგრამ ხალხი მის შესახებ მაინც ხშირად საუბრობდა. კარიერის სტარტზე მენის ბევრი ნოკაუტი არ გაუფორმებია, მაგრამ რინგზე ნამდვილი ეშმაკი გახლდათ და მისი ჩხუბის სანახავად ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი მოდიოდა. პოპულარობის მიუხედავად, ნოკაუტით, თანაც ასეთი წაგების შემდეგ, ორი ვარიანტი გრჩება. ან შეცდომებზე ისწავლი და უკეთესი მოკრივე გახდები, ან მარცხს ვერ გაუმკლავდები, წყვდიადში აღმოჩნდები და ყველა დაგივიწყებს. უმეტესწილად, ბოლო ვარიანტთან გვაქვს ხოლმე საქმე, თუმცა მენი გამონაკლისი აღმოჩნდა“.

პაკიაოს შთამაგონებელი ისტორიის შესახებ საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ოდესმე მენიზე აუცილებლად დავწერ, მანამდე კი გეტყვით, რომ „პაკმენის“ მწვრთნელის, ფრედი როუჩის თქმით, იგი საკუთარი სახლიდან 12 წლის ასაკში მას შემდეგ გაიქცა, რაც მამამისმა ოჯახის საყვარელი ძაღლი მოკლა, მოამზადა და მიირთვა. ფილიპინელმა ლეგენდამ თანატოლებს მიბაძა, რომლებიც მის მსგავსად უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდნენ, და მოკრივე გახდა.

1996 წელს, 17 წლის პაკიაო, რომელსაც პირველი 11 ბრძოლა მოგებული ჰქონდა, რუსტიკო ტორეკამპოს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელს მენისთან ჩხუბამდე, რამდენიმე შერკინება გაუმართავს და მის მეტოქეებს 4-ჯერ ნოკაუტშიც ჩაუგდიათ.

ტორეკამპო რინგების შენებითა და მათი დემონტაჟით იყო დაკავებული და დამატებითი შემოსავლის მისაღებად დროდადრო თვითონაც ჩხუბობდა. უცნაურია, მაგრამ მასთან ბრძოლამდე მენიმ წონა ჩააგდო და სასჯელის სახით, აიძულეს 8-უნციანი ხელთათმანებით ეჩხუბა, მაშინ როცა მისი მეტოქე 6-უნციან ხელთათმანებს ატარებდა.

პირველი ორი რაუნდი პაკიაოს უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მესამე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა და ადგილობრივი პუბლიკა შოკში ჩავარდა.

„მე მის ყველა დარტყმას გავუძელი. მას ჩემთვის ტკივილი არ მოუყენებია. როცა რინგზე დაეცა, მივხვდი, რომ წამოდგომას ვერ მოახერხებდა. მსაჯს 100-მდეც რომ დაეთვალა, მენი ვერ ადგებოდა და ბრძოლას ვერ გააგრძელებდა.

მასთან ჩხუბისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ ჯების შემდეგ ან პირდაპირ დარტყმას განახორციელებდა, ან აპერკოტს. დაველოდე ჯებს როდის გამოიყენებდა და შემდეგ კონტრშეტევაზე გადავედი. პირდაპირ ყბაში მოვარტყი და მსაჯმა ბრძოლა გააჩერა, რადგან პაკიაოს სიარული აღარ შეეძლო“.

ტორეკამპოს ვერსიას ჰენსონი არ იზიარებს და ბრძოლიდან 24 წლის შემდეგაც არაა დარწმუნებული, ნოკაუტი რამ განაპირობა. ჰენსონი სამ ვარიანტს განიხილავს. 1 - პაკიაოს სახეში მუშტი ძლიერად მოხვდა. 2 - პაკიაომ კორპუსში განხორციელებულ დარტყმას ვერ გაუძლო. 3 - პაკიაოს სახეში ტორეკამპოს მხარი მოხვდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ნოკაუტი რამ განაპირობა. მთავარია, ტორეკამპოს დისკვალიფიკაცია არ მიუღია და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ალბათ, ხვდებით, რომ მის ტრიუმფს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კრივის ფილიპინელი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ, 23 წლის მოკრივემ 17 წლის მეტოქე უშანსოდ დაამარცხა...

ტორეკამპომ რამდენიმე ადამიანისგან ქება მაინც დაიმსახურა, მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, რომ წლების შემდეგ, რუსტიკოსა და პაკიაოს შესახებ არავის არაფერი ემახსოვრებოდა და ისინი ჯოჯოხეთს დაუბრუნდებოდნენ. ერთი მოკრივის შემთხვევაში ეს პროგნოზი გამართლდა... მეორემ კი საოცარი და ლეგენდარული კარიერა შექმნა და სწორედ მისი დამსახურებაა, რუსტიკო ტორეკამპოს სახელი ისტორიას რომ შემორჩა. პაკიაოს უდიდესი წარმატება რომ არა, დღესდღეობით, ტორეკამპოზე მხოლოდ მე კი არა, ალბათ, არავინ ისაუბრებდა. განსაკუთრებით, თუ მის კარიერულ და ცხოვრებისეულ „მიღწევებს“ გავითვალისწინებთ.

„პაკმენმა“ მარცხიდან მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, 5 შერკინება გამართა და ყველა მოიგო. ტორეკამპომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში 7-ჯერ იჩხუბა, მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა და ისტორიული გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მოკრივის ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა.

კარიერის ბოლოს ტორეკამპოს ანგარიშზე 14 მოგება, 8 მარცხი და 6 ფრე იყო. მოგვიანებით, მან პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მაჯა მოიტეხა და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ექიმთან მისვლა და ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ მოახერხა. რუსტიკოს თქმით, იგი ჩხუბს ტრავმირებული განაგრძობდა და ტკივილის მიუხედავად, რინგზე 6-ჯერ გავიდა. ტორეკამპომ ტრავმა სწორედ იმ ხელზე მიიღო, რომლითაც „პაკმენი“ დაანოკაუტა და მკურნალობის გარეშე დატოვებულმა დაზიანებამ მის ხელს დაღი სამუდამოდ დაასვა.

კრივიდან წასვლის შემდეგ, ფილიპინელი გარკვეული დროის განმავლობაში ფოლადის ქარხანაში მუშაობდა, სადაც 13-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, თუმცა მალევე ახალი სამსახური იპოვა და ქალაქის ქუჩებში შემწვარ ბრინჯსა და წვნიანს ყიდდა. მან უფლება მიიღო ქუჩებში თავისი კიოსკი უფასოდ დაედგა, ოღონდ სანაცვლოდ მიმდებარე ქუჩების დასუფთავება უწევდა.

ტორეკამპო თავის ოჯახთან და მისი მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და მის ცხოვრებაში 2007 წლამდე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 2007 წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ერთ დღეს, ნაგვის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტორეკამპოს კიოსკს დაეჯახა. არავინ დაშავებულა, მაგრამ რუსტიკომ ყველაფერი დაკარგა... მან ნაგვის მანქანის მძღოლს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტორეკამპოს სიტყვები ყურად არ იღო და დანაშაულის ადგილის დატოვება სცადა. ტორეკამპო მას დაედევნა, რასაც დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს, ყოფილმა მოკრივემ სამზარეულოს დანით ავტომობილის მძღოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე გარდაიცვალა, ტორეკამპო კი ადგილიდან მიიმალა.

მოკრივემ, რომელმაც მენი პაკიაო დაანოკაუტა, მომდევნო 4 წელი მიმალვაში გაატარა. ჰენსონის თქმით, ტორეკამპომ თავი ერთ-ერთ პროვინციას შეაფარა და სამართალდამცველებმა მისი პოვნა ვერ მოახერხეს, 4 წლის შემდეგ კი რუსტიკო მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, თანაც ისე, თითქოს არაფერი მომხდარა...

2011 წელს, ტორეკამპო ისევ წვნიანებს ყიდდა და ერთ-ერთ სატელევიზიო არხს ინტერვიუც მისცა... ფილიპინური პოლიცია იმ პერიოდში რესურსების ნაკლებობას განიცდიდა და ხშირად იყო შემთხვევები, როცა გახმაურებული საქმეების ბოლომდე მიყვანა არ ხერხდებოდა. ტორეკამპოს საქმე ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა და არის ვარაუდი, რომ მისი საქმე უბრალოდ დაიკარგა...

ტორეკამპო კრივსაც დაუბრუნდა და 2011 წელს მეტოქე, რომელსაც 4-დან მხოლოდ 1 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, ნოკაუტით დაამარცხა. დაახლოებით ამ პერიოდში მოკრივე, რომელიც მან წლების წინ დაანოკაუტა, თეთრ სახლში მიიწვიეს და ბარაკ ობამას შეხვდა...

„ვიცი, მენი ვერასდროს გავხდები, მაგრამ მინდა, ბრძოლა განვაგრძო. ვეცდები, მაქსიმალურად შორს წავიდე და წარმატებას მივაღწიო“.

2012 წელს, ტორეკამპო ქუჩურ ჩხუბებში იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი ღონისძიების ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ, Youtube-ზეც იხილოთ. რუსტიკოს მოკრივის კარიერა დიდხანს არ გაუგრძელებია და მწვრთნელად მუშაობა დაიწყო. იგი ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ახალგაზრდებს ავარჯიშებდა და როგორც ფილიპინური პრესა წერს, ფინანსურად ძალიან უჭირდა, რის გამოც კოლეგებს დახმარებას ხშირად სთხოვდა და რამდენჯერმე ხელი მას თავად მენი პაკიაომაც გაუმართა.

„მენის გამო ბედნიერი ვარ. ის ძალიან იღბლიანი და მდიდარი ბიჭია. თუ ოდესმე ჩემი ნახვა მოუნდება, მასთან შესახვედრად ვერ წავალ, რადგან მგზავრობისთვის საჭირო ფული არ მაქვს. თუმცა თუ 1000 პესოს (16 ფუნტი სტერლინგი) მასესხებს, სამსახურში ერთ დღეს გავაცდენ და მის სანახავად გავემგზავრები“...

3 წლის შემდეგ, ტორეკამპომ სპორტდარბაზი დატოვა და მას შემდეგ, მის შესახებ არაფერია ცნობილი... ამბობენ, რომ რუსტიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია...

გაზიარება: