Aa
Aa

მოურინიო VAR-ს აკრიტიკებს - „ყველამ იცის, რომ აშკარა პენალტი იყო"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ბორნმუთთან“ მატჩის შემდეგ, VAR გააკრიტიკა. პორტუგალიელი სპეციალისტი Sky Sports-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს.

„კეინის ეპიზოდი მატჩში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო და ამის შესახებ საუბარს არ ვაპირებ. პრინციპში, ჩემი მხრიდან არც არაფერია სათქმელი, რადგან ყველას ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება.

ვიდეორეფერი შეფილდთან შეხვედრაშიც ეს მსაჯი გახლდათ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აშკარა პენალტი იყო. და როცა ვამბობ, რომ ყველამ იცის, აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ.

ვერ ვიტყვი, რომ ჰარი თერთმეტმეტრიანს აუცილებლად გაიტანდა, თუმცა უდიდესი ალბათობით, პენალტს გამოიყენებდა. გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან დაწინაურების შემდეგ კი, საერთოდ სხვა თამაშს ვიხილავდით“.

ჟოზე მოურინიოს საუბარი მაიკლ ოლივერზე ჰქონდა. ეს უკანასკნელი „შეფილდისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩში ვიდეორეფერი იყო და ეს ფუნქციები „ბორნმუთისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაშიც შეითავსა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვირას, ოლივერი ლონდონურ დერბის განსჯის, რომელშიც „დეზები“ „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგამ აღიარა, რომ VAR-მა შეცდომა დაუშვა. BBC-ისთან საუბრისას პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კეინის ეპიზოდში მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის მიხედვით, VAR „ევერტონი“ – „საუთჰემპტონისა“ და „ასტონ ვილა“ – „მანჩესტერის“ მატჩებშიც შეცდა. ორივე შემთხვევაში ვიდეორეფერიმ სტუმრებს პენალტი შეცდომით დაუნიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები