''თორნიკემ მთხოვა ეს ამბავი საიდუმლოდ დამეტოვებინა'' - ლოლაძე უცნობ ფაქტს იხსენებს
Aa
Aa

''თორნიკემ მთხოვა ეს ამბავი საიდუმლოდ დამეტოვებინა'' - ლოლაძე უცნობ ფაქტს იხსენებს

ქართველი კიკბოქსიორი ელენე ლოლაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს ეხმაურება. ლოლაძე იხსენებს რთულ პერიოდს, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ფინანსურად დაეხმარა.

''რა თქმა უნდა ყველას საკუთარი აზრი აქვს თორნიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა მე თავს ვალდებულად ვთვლი მხარი დავუჭირო და სიკეთე, რომელიც თორნიკემ პირადად მე და ჩემ მწვრთნელს გაგვიკეთა გავასაჯაროვო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება მის სურვილს.

მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ფინანსების არარსებობის გამო ჩემი მწვრთნელი აქტიურად ეძებდა სპონსორს; ბევრი დიდი კომპანიის დირექტორს, თუ მარკეტინგის უფროსს შეხვდა, თუმცა ამაოდ. ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო თორნიკემ, რომ ვიღაც ქართველ სპორტსმენს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, არც კი უკითხავს ვის, როგორ. სრულად დაგვიფინანსა ჩემი და ჩემი მწვრთნელის ხარჯები აღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ნამდვილად არ იყო პატარა თანხა თუნდაც მისთვის და ერთადერთი თხოვნა რაც ჰქონდა იყო ის რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დაგვეტოვებინა. ასე, რომ ამ ყველაფრის მერე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ თორნიკე შენგელია პატრიოტი არ არის!''

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს, რუსეთის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა სრულიად დამსახურებულად გააკრიტიკა.

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები