დე როსი მესის იცავს - „ეს იტალიაში რომ თქვა, გაეცინებათ
Aa
Aa

დე როსი მესის იცავს - „ეს იტალიაში რომ თქვა, გაეცინებათ"...

„რომასა“ და „ბოკა ხუნიორსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე დე როსიმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. „ჯალოროსის“ ლეგენდამ „ლა პულგა“ დაიცვა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანას“ ლიდერს უსამართლოდ აკრიტიკებენ.

„არგენტინაში მესიზე ამბობენ, რომ იგი მნიშვნელოვან შეხვედრებში იკარგება და თავის გამოჩენას ვერ ახერხებს. ეს იტალიაში რომ თქვა, გაეცინებათ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ რაზეა საუბარი.

როგორ შეიძლება, მესი მოიხსენიო ფეხბურთელად, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებში იკარგება, როცა მას ორი ასეთი დიდი კვერცხი აქვს. ლეოს ის ხალხი აკრიტიკებს, ვისაც კომპიუტერის ეკრანთან გამბედაობა არ აკლია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თავის მეუღლეს ვერ გაუბედავს და ვერ სთხოვს ტელევიზორის პულტი მოაწოდოს.

მესიმ კოპა ამერიკა თერთმეტმეტრიანების სერიაში ორჯერ წააგო, მე კი, პენალტების სერიის დახმარებით მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მას სამშობლოში უწოდებენ ფეხბურთელს, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებში იკარგება, მე კი, გმირი ვარ. არადა, განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ 5 სანტიმეტრია. მინდა იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მესი ის ფეხბურთელია, რომელიც არგენტინის ნაკრებს ზურგით ატარებს.

საფეხბურთო გადმოსახედიდან არაფრის ახსნა აღარაა საჭირო. არიან უმაღლესი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც სტატისტიკის, გოლებისა და ტიტულების მხრივ მესის ადარებენ, რონალდუ ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაფერი გემოვნების საკითხია. პირადად მე, ლეოს თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

მესის კარიერაში მხოლოდ ერთხელ გაუმართლა! მაშინ, როცა გუარდიოლას ბარსელონაში ასპარეზობდა.

ლეოსთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. მატჩების დაწყებამდე ვხედავდი, რომ ჩემი თანაგუნდელები მას განსხვავებულად უცქერდნენ. ისე, თითქოს აღმერთებდნენ... სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ რამდენჯერმე მეც მომსვლია, მაგრამ ყოველთვის ემოციების დამალვას ვცდილობდი“.

შეგახსენებთ, რომ დე როსიმ კარიერის დიდი ნაწილი „რომაში“ გაატარა. „ბოკას“ კი, 2019 წელს მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები