შეცვლილი სქემა - გრიზმანის სწორი პოზიცია და ბარსა თავის თავს დაემსგავსა
Aa
Aa

შეცვლილი სქემა - გრიზმანის სწორი პოზიცია და ბარსა თავის თავს დაემსგავსა

ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონა“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და მარტივად, ლამაზ სტილში 4:1 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში 2 რამ იყო აღსანიშნავი: პირველი ის, რომ კიკე სეტიენის ხელში „ბარსამ“ გააზრებული და სანახაობრივი მატჩი პირველად ჩაატარა.

მეორე და მთავარი გახლდათ ანტუან გრიზმანის ფაქტორი - ფრანგმა მოედანზე მესისთან ერთად ყოფნისას თავის პოზიციაზე პირველად ითამაშა.

სეტიენმა სქემა შეცვალა და დანიშვნის დღიდან პირველად 4-3-1-2 განლაგება გამოიყენა და აქცენტი მთლიანად მოედნის ცენტრზე გააკეთა, ფლანგზე კი თამაში ალბა-სემედუთი გაშალა, რომლებსაც მაქსიმალურად ეხმარებოდა რობერტოსა და ვიდალის დუეტი.

"ხანდახან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა დღეს მარცხენა მხარეს თამაში მომიწია, სადაც თავი ბევრად კომფორტულად ვიგრძენი. ამ როლს "ბარსელონა ბ-ში" ყოფნისას ვირგებდი“. - სერხი რობერტო მატჩის შემდეგ.

მესი გამთამაშებლის პოზიციაზე მოქმედებდა, გრიზმანი და სუარესი კი თავდასხმაში, მაგრამ აქ მთავარი შემტევი ტრიოს მანევრირება იყო.

მესი და გრიზმანი ათიანის და მეორე ფორვარდის პოზიციას ხშირად ცვლიდნენ. შეიძლება ითქვას ლეომ მოედანზე მას თავისი სივრცის ნაწილი დაუთმო და ეს პირველად მოხდა.


გრიზმანს არ უთამაშია მარცხენა ფლანგზე, სადაც მას ჯერ ვალვერდე და შემდეგ სეტიენიც იყენებდა. ზოგადად, ფრანგი ფლანგზე იშვიათად გადადიოდა და ლუის სუარესთან მაქსიმალურად ახლოს მოქმედებდა. ეს ყველაფერი კი გუნდის თამაშს მალევე დაეტყო და „ბარსას“ კომბინაციები უკვე რაღაცას დაემსგავსა.

„ჩვენი სათამაშო სქემა შეიცვალა, ამ სქემის მიხედვით, შემტევი სამეული გაცილებით ახლოს იყო ერთმანეთთან განლაგებული. მნიშვნელოვანია, რომ გრიზმანმა გოლი გაიტანა, ეს მას თავდაჯერებას შემატებს.

დარწმუნებული ვარ ოპონენტები ამ თამაშს ნახავენ და მომავლისთვის ჩვენთან სათამაშოდ მზად იქნებიან. დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე სტილით ვთამაშობდით და მწვრთნელმა გადაწყვიტა ცვლილებები განეხორციელებინა." - ხერარდ პიკე მატჩის შემდეგ.

"ვილიარეალთან" არჩეული მონახაზი ცალსახად სწორი და ლოგიკური იყო. ვნახოთ როგორ გააგრძელებს „ბარსელონა“ თამაშს და გაყვება თუ არა კიკე სეტიენი ამ სქემას მომდევნო მატჩებშიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები