უპატივცემულობა? - რონალდუს სარის დარიგებებმა თავი მოაბეზრეს?
Aa
Aa

უპატივცემულობა? - რონალდუს სარის დარიგებებმა თავი მოაბეზრეს?

სერია ა-ს 30-ე ტურში ტურინული დერბი შედგა - „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. შეხვედრაში გარდა ლამაზი გოლებისა, ყურადღება ერთმა მომენტმა მიიპყრო, როდესაც მაურიციო სარი კრიშტიანუ რონალდუს დარიგებებს აძლევდა.

რონალდუსა და სარის შორის არსებულ არც ისე სახარბიელო ურთიერთობაზე კარგად მოგეხსენებათ. როგორც ცნობილია, თასის ფინალში „ნაპოლისთან“ მატჩამდე, უფრო ზუსტად კი ბოლო სავარჯიშო სესიაზე სარიმ რონალდუს ცენტრფორვარდად თამაში კიდევ ერთხელ თხოვა, რაზეც კრიშტიანუმ უხეშად უპასუხა და უარი განუცხადა. ამჯერად კი, პორტუგალიელმა მწვრთნელის დარიგების მოსმენისას ისეთი სახე მიიღო, თითქოს იგი მას თავს აბეზრებდა.


ესპანურმა პრესამ ეს მომენტი აიტაცა. მადრიდულმა AS-მა ასეთი რამ დაწერა: „უპატივცემულობა? ამ მომენტს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვება. როგორც ჩანს, პორტუგალიელს მწვრთნელის მიერ მიცემული რჩევა-დარიგებები არ მოსწონს. მის სახეზე ასახული რეაქცია სწორედ ამაზე მეტყველებს“.

როგორც ჩანს, სარისა და რონალდუს შორის ურთიერთობა ჯერაც ვერ დალაგდა. იტალიური პრესა ირწმუნება, რომ სეზონის ბოლოს „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.

რაც შეეხება შეხვედრას, რონალდუმ თავი ლამაზი ჯარიმით გამოიჩინა და სეზონში 26-ე მატჩში 25-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელი სასურველ ფორმას ეტაპობრივად უახლოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები