კობი, რაული, ნოიერი - ქართველი ტექნიკით და საოცარი პასით გამოირჩეოდა
Aa
Aa

კობი, რაული, ნოიერი - ქართველი ტექნიკით და საოცარი პასით გამოირჩეოდა

გერმანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან პანდერმა ''შალკეში'' თამაშის პერიოდი გაიხსენა. პანდერმა სიმბოლური გუნდი შეადგინა და ის ფეხბურთელები შეიყვანა, ვისთან ერთადაც გელზენკირხენულ კლუბში უთამაშია. პანდერი meine-traumelf.de-ს ესაუბრა.

სიმბოლური გუნდში რაულთან, ასამოასთან, ლინკოლნთან, ნოიერთან, ბორდონთან, კრსტალიჩთან, შტინდლთან, რაფინიასთან, ჯონსთან და კრსტალიჩთან ერთად ლევან კობიაშვილი მოხვდა. სიმბოლურ გუნდში პანდერი მარცხენა მცველის პოზიციაზეა, ხოლო კობიაშვილი - მარცხენა ნახევარმცველის.

პანდერი კობიაშვილის შესახებ ამბობს: ''ის საოცრად კარგი მოთამაშე იყო. საოცარი პასითა და ტექნიკით გამოირჩეოდა. მას ორ ამპლუაში, მარცხენა მცველისა და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში მაღალ დონეზე შეეძლო. ის არ იყო ძალიან სწრაფი, თუმცა სათამაშო ინტელექტითა და მოძრაობებით ნაკლს აბალანსებდა. ''კობი'' მისი მშვიდი ხასიათით მოედნის მიღმაც ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა.''

ლევან კობიაშვილი ''შალკეში'' 2003-10 წლებში ასპარეზობდა. აღნიშნულ წლებში ბევრი ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. გელზენკირხენულ კლუბთან ერთად ინტერტოტოს თასი ორჯერ მოიგო (2003, 2004), ერთხელ კი გერმანიის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა (2005).

კობიაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონობასთან ახლოს სამჯერ იყო, 2005 წლის მაისში ''შალკეს'' მხოლოდ ''ბაიერნმა'' აჯობა, 2006-07 წლების სეზონში ჩემპიონმა ''შტუტგარტმა'' 2 ქულით გაასწრო. კობიაშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის 2007-08 წლებშიც იბრძოდა, თუმცა მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონობა ჰიტცფელდის ''ბაიერნმა'' იზეიმა.

2010 წელს ''შალკეს'' გენერალურმა მენეჯერმა რუდი ასაუერმა განაცხადა: ''კობიაშვილის გადაბირებას ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად ვთვლი, ის ამ დეკადაში ჩვენი გუნდის ძალიან გამორჩეული მოთამაშე იყო.''

სფფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი კიდევ ორ გერმანულ კლუბში, ''ფრაიბურგსა'' (1998-2003) და ბერლინის ''ჰერტაში'' (2010-14) თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები