რომას ლეგენდა დანიელე დე როსი ფიორენტინას გაწვრთნის
Aa
Aa

რომას ლეგენდა დანიელე დე როსი ფიორენტინას გაწვრთნის

''რომას'' ლეგენდა დანიელე დე როსი ფლორენციის ''ფიორენტინას'' მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ფლორენციელები ჯუზეპე იაკინის ნომერ პირველ შემცვლელად დე როსის მოიაზრებენ, რომელსაც მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა მან სამწვრთნელო განათლება მიიღო და შესაბამისი კურსები გაიარა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ''ფიორენტინა'' 31 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. იაკინიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დეკემბერში დაიკავა, მან ვინჩენცო მონტელა შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობის მიწურულს ფლორენციელები მე-15 ადგილზე იყვნენ.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კარიერის დასრულება მიმდინარე წლის იანვარში გადაწყვიტა. მისი ბოლო კლუბი ''ბოკა ხუნიორსი'' იყო, სადაც კარიერის უკანასკნელი ხუთი თვე გაატარა.

2001-19 წლებში დე როსი ''რომას'' ღირსებას იცავდა და გუნდის ლეგენდად ითვლება. იტალიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 117 მატჩში 21 გოლი შეაგდო. მათგან სამი გოლი საქართველოს ნაკრებს გაუტანა, ერთხელ ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში, ხოლო 2010 წლის მუნდიალის შესარჩევში მისი გოლებით იტალიამ ''ფრიულიზე'' საქართველო 2:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები