Aa
Aa

ჟოზე VAR-ზე: „რასაც ვფიქრობ ყველაფერი რომ ვთქვა, დისკვალიფიკაციას მივიღებ"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „შეფილდთან“ მატჩის შემდეგ, Sky Sports-თან ისაუბრა და ვიდეორეფერის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პორტუგალიელი სპეციალისტი VAR-ის კრიტიკას მოერიდა და განაცხადა:

„ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, ვერ ვიტყვი, რადგან პრობლემები შემექმნება და დისკვალიფიკაციას მივიღებ. ეს კი, ნამდვილად არ მინდა. სიამოვნებით ვიტყოდი ყველაფერს, მაგრამ არ შემიძლია.

მსაჯი, რომელიც მოედანზე იმყოფება, მთავარი არბიტრი აღარაა. ის და ლაინსმენები ასისტენტების ფუნქციებს ითავსებენ. რეალობა კი, ისაა, რომ მთავარი მსაჯი VAR-ის ოთახში ზის და მნიშვნელოვან მომენტებში გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს.

მაიკლ ოლივერის შესახებ საუბარს არ ვაპირებ. არ მინდა, მომდევნო შეხვედრას თვალი ტრიბუნებიდან ვადევნო. თუმცა ფაქტია, ანგარიში 1-1 რომ გამხდარიყო, მატჩი სხვა სცენარით განვითარდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ მსგავსი განცხადება 2014 წელს, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის დროსაც გააკეთა. „ასტონ ვილასთან“ მინიმალური ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც „ჩელსის“ ორი ფეხბურთელი გაუძევეს, ჟოზემ განაცხადა, რომ ურჩევნია დუმილი შეინარჩუნოს, თორემ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები