NBA-ში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Aa
Aa

NBA-ში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

NBA-ში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და Covid-19-ით ინფიცირებული კალათბურთელების რაოდენობამ 25-ს მიაღწია. ESPN-ის ინფორმაციით, ტესტირების მორიგი რაუნდი 24-დან 29 ივნისამდე ჩატარდა და ვირუსზე ჯამში 351 კალათბურთელი შეამოწმეს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კორონავირუსზე ტესტი გუნდებში დასაქმებულ 884 ადამიანს ჩაუტარდა და Covid-19 10 მათგანს დაუდგინდა. NBA-ის მიხედვით, ყველა, ვისმა ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა, თვითიზოლაციაში გადავა და ლიგის მიერ შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის რეგულარული სეზონი 30 ივლისს განახლდება და 16 დღეს გაგრძელდება. გუნდები 8 მატჩს ჩაატარებენ და დღეში 5-6 შეხვედრა გაიმართება. თითოეულ სტადიონზე მატჩებს შორის 4-საათიანი შუალედი იქნება, რათა ყველაფრის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მოხდეს და გუნდებს გასახურებლად საკმარისი დრო ჰქონდეთ.

პლეიოფებს სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში ვიხილავთ. ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრა ყველაზე გვიან შეიძლება 12 ოქტომბერს გაიმართოს. NBA-ის 2020 წლის დრაფტი 15 ოქტომბერსაა ჩანიშნული, ხოლო 2020-21 წლების სეზონი 1-ელ დეკემბერს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები