Aa
Aa

სეტიენი: „ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. 61 წლის სპეციალისტმა „როხიბლანკოსთან“ გამართული შეხვედრა ესპანურ გამოცემებთან საუბრისას შეაფასა და საკუთარ მომავალსაც შეეხო.

„სამწუხაროა რომ ვერ გავიმარჯვეთ. ჩემპიონობის მოპოვება უფრო და უფრო რთულდება. ქულების დაკარგვა ნიშნავს, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ჩვენი შანსები შემცირდა, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ატლეტიკო შესანიშნავი გუნდია, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს, ზონებს იდეალურად კეტავს და მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მართალია, სამი ქულა ვერ ავიღეთ, მაგრამ მატჩს ვაკონტროლებდით და ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ადვილი ნამდვილად არაა.

ატლეტიკო დისციპლინირებული გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში რთულია. საერთო ჯამში ფეხბურთელების მიერ გაწეული სამუშაოთი და ჩვენი გეგმით კმაყოფილი ვარ.

ბარსას თავკაცის პოსტს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ ჩემი კატალონიური მომავალი საფრთხეშია“.

„ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და პირველადგილოსან „რეალს“ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა „სამეფო კლუბს“ „ბლაუგრანაზე“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. „ბლანკოსი“ თავის შეხვედრას 3 ივლისს გამართავს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები