Aa
Aa

ადამ სილვერი: „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა სეზონის შეწყვეტა მოგვიწიოს"

NBA-ის კომისარი, ადამ სილვერი აშშ-ში კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყებას გამოეხმაურა. სილვერი დარწმუნებულია, რომ სეზონის უსაფრთხო გარემოში განახლება შესაძლებელი იქნება, თუმცა აღიარებს, რომ Covid-19-ის გავრცელებამ NBA-ს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კორონავირუსი არაპროგნოზირებადია და ჩვენ კალათბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაცემებისა და შექმნილი ვითარების მონიტორინგს ყოველდღე ვახორციელებთ. თუ რაიმე შეიცვლება, მზად ვართ ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმას გადავხედოთ.

ბუნებრივია, ვირუსს ვერ გავექცევით და თუ Covid-19-ით ინფიცირების ბევრი შემთხვევა გვექნება, რადიკალურ ზომებს მივიღებთ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ კამპუსში ცხოვრება ბევრად უსაფრთხო იქნება, ვიდრე კამპუსის გარეთ, რადგან მასობრივი ტესტირების დახმარებით, ასიმპტომატურ შემთხვევებსაც გამოვავლენთ.

Covid-19-ზე ტესტებს ყოველდღიურად ვატარებთ. ამ ეტაპზე ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ თუ NBA-ში ინფიცირებულთა რაოდენობა გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, სეზონის შეწყვეტა მოგვიწევს“.

ცნობისთვის, NBA-ში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე კალათბურთელი „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წარმომადგენელია და გუნდმა მათი ვინაობა საიდუმლოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები