Aa
Aa

შენგელია და ბასკონია ფინალში გავიდნენ! თოკოს 17 ქულა ვალენსიასთან

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანური ლიგა ენდესას ნახევარფინალურ შეხვედრაში „ვალენსია“ დაძაბულ ბრძოლაში 75:73 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შენგელია პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველის მონაგარი 26:52 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. თოკომ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 8-დან 6 საჯარიმო ზუსტად გაუშვა, ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ ზორან დრაგიჩს ჩამორჩა (25).

ამრიგად, „ბასკონია“ ფინალშია, სადაც „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელის თად მაკფადენის „ბურგოსს“ 98:84 სძლია. მაკფადენმა კატალონიელებს 10 ქულა ჩაუგდო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოკითხვის გზით 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეული შეადგინა. გამოკითხვაში ქომაგები, მედიის წარმომადგენლები, მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ. მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე ხუთეულში თორნიკე შენგელიას არყოფნა სრული ნონსენსია, თუმცა სასიხარულოა, რომ ხუთეულში „იბეროსტარ ტენერიფეს'' ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები