სეზონის დარჩენილ ნაწილში არტური ბარსას მაისურით თამაშს აღარ აპირებს
Aa
Aa

სეზონის დარჩენილ ნაწილში არტური ბარსას მაისურით თამაშს აღარ აპირებს

არტურ მელოსა და მირალემ პიანიჩის ოფიციალურ გაცვლამდე სულ რაღაც საათები რჩება. „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ პრინციპული შეთანხმების შემდეგ, დარჩენილ უმნიშვნელო დეტალებს აგვარებენ და მალე ტრანსფერები ოფიციალურად გამოცხადდება, თუმცა როგორც ირკვევა კატალონიელებს სეზონის დარჩენილ ნაწილში კიდევ ერთი პრობლემა შეექმნებათ.

ესპანური და იტალიური პრესა წერს, რომ არტური „ბარსას“ ქმედებით იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილია, რის გამოც ის სეზონის დარჩენილ ნაწილში თამაშს აღარ გეგმავს.

ბრაზილიელმა შუახაზელმა ჭორების გავრცელებისთანავე საჯაროდ დააფიქსირა, რომ მას „კამპ ნოუზე“ დარჩენა სურდა, თუმცა კლუბმა მას წასვლა აიძულა.

კიკე სეტიენმა კი განაცხადა, რომ ბრაზილიელი მას სჭირდება, მაგრამ გუნდში დიდი კონკურენციის გათვალისწინებით მას შესაბამის სათამაშო დროს ვერ ჰპირდება.

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგაში მჭიდრო კალენდარია და ის ივლისის ბოლოს დასრულდება, შემდეგ აგვისტოში გუნდს ჩემპიონთა ლიგა ელის. ასეთი რთული სათამაშო ბადის გათვალისწინებით, ისედაც მოკლე სათადარიგო სკამის მქონე „ბლაუგრანას“ არტურის გამოკლება პრობლემებს შეუქმნის.

გუნდში ხშირია ტრავმიანობა, რაც თადარიგში ჯანმრთელი მოთამაშეების ყოფნას აუცილებელს ხდის. ასეთ ვითარებაში კი „ბარსა“ არტურს კარგავს.

„იუვენტუსმა“ პიანიჩის შემთხვევაში ყველაფერი სწორად გააკეთა და ფეხბურთელთან მშვიდ, პოზიტიურ ურთიერთობას ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, თუმცა სეზონის შეჩერებისა და გვიან განახლების გამო, კლუბები ახლადშეძენილ მოთამაშეებს განაცხადში მხოლოდ სექტემბრიდან დაარეგისტრირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები