Aa
Aa
28 ივნისი 2020  |  13:34

"მოკვდი ჯოკოვიჩ", - "ნოლეს" ორი ფრონტიდან უტევენ | კოვიდ-19 და ჩოგბურთი

სერბეთსა და ხორვატიაში ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ საგამოფენო ტურნირზე რამდენიმე ჩოგბურთელი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, რამაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო. ამ ფაქტმა ხალხის გაღიზიანება გამოიწვია.

ვირუსი დაუდასტურდა თავად „ნოლესაც“, რომელსაც ხორვატიის ქალაქ სპლიტში ხულიგნებმა სიკვდილი უსურვეს. ერთ-ერთი სახლის კედელზე მათ ჯოკოვიჩის შეურაცხმყოფელი სიტყვები წააწერეს.

„მოკვდი ჯოკოვიჩ, შენი სიკვდილი ჩვენი ერთადერთი სურვილია. მოკითხვა სპლიტიდან. ღმერთო გვიშველე და დაგვიფარე“.

რამდენიმე საათის შემდეგ, ქალაქის ადმინისტრაციამ კედლიდან წარწერა მოაშორა.

ჯოკოვიჩს ხორვატების გარდა სხვებიც უტევენ. ATP-ის მარსელის ტურნირის დირექტორმა ჟან-ფრანსუა კოჟოლმა L’Equpe-სთან საუბრისას წამყვან ჩოგბურთელებს მოუწოდა, რომ ნოვაკი მკაცრად განსაჯონ. ამის მიზეზი ხსენებული საჩვენებელი ტურნირის ჩატარება გახლავთ, რომელმაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო.

„ეს შემთხვევა ბაბილონის გოდოლის იგავს ჰგავს, როცა ადამიანებმა თავი ღმერთებად წარმოიდგინეს. ჯოკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ ბუნების კანონებს გვერდი აუაროს. ადამიანს უფლება აქვს, რომ უარი თქვას აცრაზე და ბალახით მკურალობაზე, მაგრამ თუ შენ სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობას იღებ, მსგავსად მოქცევა არ შეიძლება.

ინსტაგრამზე ჯოკოვიჩის ჩართვები მინახავს და ის თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს. ეს კი სახიფათოა. საბოლოოდ, მან კარგი გაკვეთილი მიიღო. ახლა ვისურვებდი ჩოგბურთელების მხრიდან განცხადებები მოვისმინო. ცონგა, ფედერერი, ნადალი, მონფილსი - მათ ჯოკოვიჩს უნდა მოუწოდონ, რომ ეს ყველაფერი შეწყვიტოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნოლეს“ მოწყობილ ტურნირზე სერბის გარდა მისი მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი, ჩოგბურთელები გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი და ვიქტორ ტროიცკი დაინფიცირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები