„მოდი, მეკარის გარეშე ვითამაშოთ“ - არველაძე საინტერესო ისტორიას იხსენებს
Aa
Aa

„მოდი, მეკარის გარეშე ვითამაშოთ“ - არველაძე საინტერესო ისტორიას იხსენებს

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ VoetbalPrimeur-თან საუბრისას „ალკმაარში“ გატარებული წლები გაიხსენა და ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, როცა მის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა.

2006-07 წლების სეზონში „ალკმაარს“ „ექსელსიორის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და მატჩამდე ძირითადი გუნდის ყველა გოლკიპერი ლაზარეთში აღმოჩნდა. „ასეთ დროს მეკარეებს ბ გუნდიდან იძახებენ, მაგრამ იქაც ყველა კიპერი ტრავმირებული იყო. ამის შემდეგ, ახალგაზრდული გუნდის ჯერი დადგა, მაგრამ მწყობრში იქაც არავინ იყო“.

საბოლოოდ, შოთა არველაძემ ვარჯიშების დროს გოლკიპერის ხელთათმანების მორგება და კარში ჩადგომა გადაწყვიტა, თუმცა ვან გაალმა მასში პოტენციალი ვერ დაინახა და ქართველის ნაცვლად მეკარეობა გრეტარ სტეინსონს დაავალა.

სტეინსონი ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი, არველაძეს უკეთესი იდეა მოუვიდა: „ვან გაალს ერთ-ერთი დიალოგისას ვუთხარი: „მისმინე ლუის, დაივიწყე ყველაფერი და მოდი, ექსელსიორის წინააღმდეგ მეკარის გარეშე ვითამაშოთ". ამაზე ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ასე მიპასუხა: „შოთა, შენ გიჟი ხარ". მე კი არ ვნებდებოდი... „თუ ჩვეულებრივად ვითამაშებთ და ექსელსიორს დავამარცხებთ, ჩვენ შესახებ არავინ ისაუბრებს, მაგრამ წარმოიდგინე რა მოხდება თუ მეკარის გარეშე ვიასპარეზებთ... მთელი მსოფლიო ჩვენზე ალაპარაკდება".

ვან გაალს ყოველდღე ვთხოვდი ჩემი იდეა გაეთვალისწინებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ლუისი ღირსეული მწვრთნელია და მან მეკარის გარეშე თამაში ექსელსიორის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებად მიიჩნია“.

საბოლოოდ, კარში ჯობ ბულტერსი ჩადგა, რომელმაც მატჩამდე ტრავმის მოშუშება მოასწრო. „ალკმაარმა“ კი, იმ შეხვედრაში მეტოქე გაანადგურა. „ექსელსიორმა კარისკენ პირველად 68-ე წუთზე დაარტყა და ის მატჩი 5-0 მოვიგეთ. ეს ჩვენი შანსი იყო მეკარის გარეშე გვეთამაშა, მაგრამ არაფერი გამოვიდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები