შოთა არველაძის რეკომენდაცია და თურქული მედია ნინუას ტრანსფერზე
Aa
Aa

შოთა არველაძის რეკომენდაცია და თურქული მედია ნინუას ტრანსფერზე

თბილისის ''დინამოს'' კაპიტნის, ნიკა ნინუას ''ბეშიქთაშში'' გადასვლის ფაქტს არაერთი თურქული წყარო გამოეხმაურა. თურქეთში ცნობილი სპორტული მწერალი და კომენტატორი სერდარ სარიდაგი SKORER TV-სთან ინტერვიუში ნინუას ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

სერდარ სარიდაგი: ''ბეშიქთაშის'' მწვრთნელები ქართველის შესახებ უცხოელ სკაუტებს ესაუბრნენ. ყველა მათგანმა ნინუა დადებითად დაახასიათა. გარდა ამისა, საუბარი შოთა არველაძესთან შედგა, რომელმაც თანამემამულეს რეკომენდაცია გაუწია. არველაძემ ნინუას შესახებ დადებითად ისაუბრა.

ნინუას ტრანსფერიდან გამომდინარე ნათელია, რომ ''ბეშიქთაშის'' ინვესტიცია მომავალზეა გათვლილი. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე მცირე თანხას ხარჯავს და სურს მცირე ინვესტიციით მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოს.''

თბილისის ''დინამოს'' კაპიტნის, ნიკა ნინუას გადაბირება სტამბოლის ''ბეშიქთაშს'' 750 000 ევრო დაუჯდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah-ი ავრცელებს, თუმცა სხვა რამდენიმე თურქული წყაროს ცნობით სატრანსფერო თანხა 800 000 ევროს აღწევს. გარდა ამისა, თურქული მედიის ცნობით მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და თითოეულ წელში ნინუა დაახლოებით 350 000 ევროს მიიღებს.

21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები