პედრო რომას შეუთანხმდა: კატალონიელი წლიურად  3,5 მილიონს მიიღებს
Aa
Aa

პედრო რომას შეუთანხმდა: კატალონიელი წლიურად 3,5 მილიონს მიიღებს

იტალიური მედიის ცნობით ''ჩელსის'' ესპანელი ფორვარდი პედრო კარიერას ''რომაში'' გააგრძელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2022 წლამდე გაფორმდება. ყოველწლიური ხელფასის სახით 32 წლის სპორტსმენი 3,5 მილიონ ევროს მიიღებს. 

ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვით მხარეებს 2022 წლის ივნისში თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნებათ.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას ცნობით პედრო შემდეგ სეზონს რომაულ კლუბში დაიწყებს. დიდი ძალისხმევის მიუხედავად გამოცდილმა შემტევმა ''არისტოკრატთა'' მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს თავი ვერ მოაწონა და მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 9 მატჩში 1 გოლი შეაგდო. პედროს უთამაშებლობა იმ ფაქტითაც აიხსნება, რომ მას მიმდინარე სეზონში მიკროტრავმა რამდენჯერმე აწუხებდა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კარიერის საუკეთესო წლებში კატალონიის ''ბარსელონაში'' გაატარა (2008-15). პედრო ესპანურ გრანდთან ერთად ლა ლიგის გამარჯვებული ხუთჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგა კი სამჯერ მოიგო.

2015 წლიდან პედრო როდრიგესი ''ჩელსის'' ღირსებას იცავს. ლონდონურ გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა (2016-17), ინგლისის ასოციაციის თასი (2016-17) და ევროპა ლიგა (2018-19) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები