33 წელი უცხოპლანეტელის ჩამოსვლიდან - ვინმემ დრო გააჩერეთ!
Aa
Aa

33 წელი უცხოპლანეტელის ჩამოსვლიდან - ვინმემ დრო გააჩერეთ!

დღეს დიდი დღეა. უცხოპლანეტელს 33 მიწიერი წელიწადი შეუსრულდა. ფეხბურთი მეტია ვიდრე თამაში. ის გვაძლევს უსაზღვრო სიხარულს, გვჩუქნის ურთიერთობებს, გვაძლევს დაუვიწყარ მოგონებებს და რაც მთავარია - გოლი! რა არის გოლი? რა სარგებელი მოაქვს შეგრძნებას, რომელსაც გოლის გასვლის დროს განვიცდით? ჩემი აზრი ყოველთვის ასეთი იყო - გოლის გატანისგან მიღებული სიხარული, ადრენალინი, ზღვა ემოციები, ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ხოლმე - გოლი მომენტარაო. მისი სიხარულისგან მიღებული ემოცია წლის სოცოცხლეს მმატებსო. ტრიბუნებზე განცდილი სიხარული, როცა უკნიდან კეფაში ვიღაცის წიხლი გხვდება, ან გვერდით მჯდომის იდაყვი, მაგრამ შენგანაც ხვდება ვიღაცებს იმიტომ, რომ გოლის გასვლის დროს გამოწვეული ემოციების გამოხატვისას არაადეკვატური ხდები. ეს გრძნობა ამ ვქეყნად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ არის.

ჩემი მეგობარი ამას საქართველოს ნაკრების მატჩებზე საუბრისას მეუბნება ხოლმე, თუმცა ვისთვის როგორ - გოლი გოლია და მსგავსი რეაქცია შესაძლოა შენი ნაკრების, ან უბრალოდ სხვა უცხოური კლუბის მიერ გატანილი ბურთის დროს დაგეუფლოს.

მესის თამაშის ცქერისას მსგავსი ემოციები მეუფლება ხოლმე. რასაც ის მინდორზე ბურთთან ერთად აკეთებს - ეს, უბრალოდ რაღაც ზებუნებრივია.

სპორტის ამ ჯადოსნურმა სახეობამ, ქომაგებს ბევრი სასწაულმოქმედი მოთამაშე აჩუქა. ყველა ეპოქას თავისი დომინანტი ჰყავდა. იყო ისეთი მონაკვეთებიც, როდესაც ერთდროულად, რამდენიმე სუპერვარსკვლავი დომინირებდა. ყველა თაობის სასაუბრო თემა არის ის, თუ რამდენად გაუმართლათ მათ, ან წინა თაობებს, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელებს ცოცხლად მოესწრნენ და იხილეს მათი საოცარი თამაში.

ეს კითხვა ჩვენმა თაობამაც უნდა დასვას. ვართ პრივილეგირებულები და იღბლიანები? ჩემი პასუხი ცალსახაა - რა თქმა უნდა!

პირადად მე, მესის მთელი კარიერა ცოცხლად მაქვს ნანახი და თავს იღბლიანად ვთვლი.

1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოს ერთ-ერთ ღარიბ ოჯახში, დაიბადა ადამიანი, რომელიც არაადამიანურ შესაძლებლობებს ფლობდა, მაგრამ, მან ამის შესახებ ბოლომდე არ იცოდა. საკუთარ პოტენციალს 100%-ით ვერ ავლენდა. ზებუნებრივ თვისებებთან ერთად, პატარა ლეოს ჰქონდა მიწიერი პრობლემებიც. მას, სიმაღლეში ზრდა უჭირდა, რომლის მკურნალობაც, თვეში დაახლოებით 900 დოლარი ჯდებოდა. ეს თანხა, მისი მოკრძალებული ოჯახისთვის დაუძლეველი ბარიერი იყო.

როსარიოს "ნიუელს ოლდ ბოისსაც" არ შეეძლო, რომ მესის მკურნალობა დაეფინანსებინა. შემდეგ იყო შეთავაზება "რივერ პლეიტთან", რომლებსაც მოეწონათ პატარა ლიონელი, თუმცა იმდენად არა, რომ თვეში ამხელა თანხა გადაეხადათ.

ცხოვრება სიურპრიზებით არის აღსავსე. არგენტინაში სკაუტად მივლენილმა კარლეს რეშაკმა, რომელიც "ბარსელონას" წარმოადგენდა, იხილა მესის თამაში და უმალვე მიიღო გადაწყვეტილება.

13 წლის ლიონელი "ბარსელონას" აკადემიაში, "ლა მასიაში" ჩაირიცხა და ამ წარმოუდგენელი თავგადასავლის პირველი თავიც დაიწერა. ეს ისტორია დღემდე გრძელდება, ჩვენ კი მას თვალყურს ვადევნებთ.

ცხოვრება ასეა მოწყობილი. ასაკი გვემატება, აწმყო ხვალ წარსული ხდება. დღეს მესის 33 წელი შეუსრულდა. ალბათ, მილიონობით ადამიანი ულოცავს მას ამ დღეს, მაგრამ გულში ყველა ფიქრობს იმაზე, რომ ყოველი მომდევნო წელი, კიდევ უფრო გვაახლოვებს იმ დღესთან, როცა "რწყილი" ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და უდიდესი ნოსტალგიით აგვავსებს.

ამ დაუვიწყარ ისტორიას, კიდევ დარჩა რამდენიმე ლამაზი წელი, რომ წიგნი ბოლომდე დაიწეროს. ალბათ, საოცარი და შესანიშნავი იქნება, თუ ლეო მსოფლიო თასსაც აღმართავს, მაგრამ ცხოვრება ზღაპრისგან იმით გამოირჩევა, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა, ზღაპართან, სრულყოფილებასთან და წარმოუდგენელის წარმოდგენასთან, ყველაზე ახლოს სწორედ მესია.

ახლა კი დავტკბეთ ლეოს მატჩების ცქერით. ვიყოთ სამართლიანები, ობიექტურები და მადლიერები, რომ ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ. ალბათ, თქვენში არიან ისეთებიც, ვისაც ბენდიერება გხვდათ წილად და "კამპ ნოუდან" ადევნეთ თვალყური მესის თამაშს. 2015 წელს, დაახლოებით 50 ათას ადამიანზე მეტს გაუმართლა და "დინამო არენას" ტრიბუნებიდან იხილეს "ბარსას" და მესის ბურთაობა.

როცა მესის უყურებ ფიქრობ, თითქოს რა მარტივია ეს ყველაფერი. შემდეგ ცდილობ, რომ შენც იგივე გაიმეორო, მაგრამ იმწამსვე, არგენტინელის გენიალურობაში კიდევ ერთხელ რწმუნდებით.

ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა თქვა, „ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ რთულია, იგი მარტივად ითამაშო“. - მესი მის სიტყვებს გააზრებულად, თუ გაუაზრებლად ხორცს ასხამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები