Aa
Aa

"ეს შეუძლებელი არ მგონია", - ზიდანი შემტევი ხაზის შეცვლას გეგმავს

ლალიგის დარჩენილ ტურებში ზინედინ ზიდანმა შესაძლოა შეტევის ხაზი შეცვალოს. ამის მიზეზი ედენ აზარისა და ვინისიუსის კარგი ფორმაა.

ორივე მათგანი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება, როცა ისინი მოედანზე გადიან.

„სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ, ზიდანმა არ გამორიცხა, რომ აზარი და ვინისიუსი მომდევნო შეხვედრებში ერთად დააყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელიც და ბრაზილიელიც მარცხენა გარემარბები არიან, ზიზუს აზრით ეს ფაქტი მათ პრობლემას არ შეუქმნის.

„ეს შეუძლებელი არ მგონია. შევეცდებით, რომ ფეხბურთელთათვის მაქსიმალურად დიდი კომფორტი შევქმნათ.

ვინისიუსის პოზიცია, ეს ედენის პოზიციაა. მე მიყვარს, როცა მოთამაშეებს თავიანთ ადგილას ვაყენებ, თუმცა არ ვთვლი, რომ მათ ერთად თამაში არ შეუძლიათ. ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ვინისიუსი 19 წლის არის და მას ბევრი აქვს სასწავლი, ტაქტიკურად და სხვა მხრივაც. ის არის ბიჭი, რომელსაც მუშაობა სურს და იგი სწორედ ასე იქცევა.

მან გასულ დღეებში თავი კარგად წარმოაჩინა, არამხოლოდ შეტევაში. კარგია, რომ გუნდს ჰყავს კარგი მოთამაშეები როგორც აწმყოსთვის, ასევე მომავლისთვისაც“.

ზიდანმა პანდემიის შემდეგ განახლებულ სეზონში, შეტევაში რამდენიმე ვარიანტი სცადა, მათ შორის 4-4-2 და 4-3-3 სქემები გამოიყენა. როგორც ჩანს, ზიზუ ყველაზე მეტად აზარმა და ვინისიუსმა მოხიბლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები