უცნაური ამბავი - როგორ ჩაშალა რეალმა ხამესის ატლეტიკოში ტრანსფერი
Aa
Aa

უცნაური ამბავი - როგორ ჩაშალა რეალმა ხამესის ატლეტიკოში ტრანსფერი

მადრიდის „რეალისა“ და ხამეს როდრიგესის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დღემდე დაუსრულებელი საპნის ოპერაა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი უკვე წლებია „სამეფო კლუბისთვის“ მნიშვნელოვან მოთამაშეთა შორის აღარ შედის, თუმცა ის მადრიდული გრანდის დატოვებას დღემდე ვერ ახერხებს.

„ბაიერნში“ განათხოვრების შემდეგ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ხამესი კვლავ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს მოხდა. კოლუმბიელმა გამთამაშებელმა გასული ზაფხული და საკმაოდ უცნაური ისტორია გაიხსენა, რის გამოც მისი ტრანსფერი ჩაიშალა.

წინასასეზონო სამზადისისას „რეალი“ აშშ-ში „ატლეტიკოს“ წაესპარინგა, თუმცა სიმეონეს გუნდი საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგა და ზიდანის გუნდი 7:3 გაანადგურა.

იმ დღეებში ხამესის სანაცვლოდ „რეალს“ ორი წინადადება ჰქონდა მიღებული, ერთი „ნაპოლიდან“ და მეორე „ატლეტიკოდან“. კოლუმბიელს დიეგო სიმეონეს გუნდში თამაშის სურვილი ჰქონდა და ეს თავად „ჩოლოსაც“ სურდა, თითქოს ტრანსფერს წინ აღარაფერი ედგა...

27 ივლისს გამართულმა მატჩმა და 3:7 განადგურებამ, „რეალს“ გარიგების ჩაშლა გადააწყვეტინა და ხამესი კვლავ „სამეფო კლუბში“ დარჩა.

„მათ იმ გუნდში გადასვლის საშუალება არ მომცეს, სადაც თამაში მსურდა. ისინი მაიძულებდნენ სხვა გუნდში გადავსულიყავი“, - ამბობს ხამესი Gol Caracol-თან ინტერვიუში.

„ბაიერნის ყოველთვის მადლობელი ვიქნები, განსაკუთრებით კი იუპ ჰაინკესის, რომელმაც უმაღლეს დონეზე ამიყვანა. გუნდში დარჩენა უბრალოდ აღარ მინდოდა. კლუბს ჩემი გამოსყიდვა უნდოდა, თუმცა მათ გავესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდში თავს კარგად არ ვგრძნობდი და წასვლა მინდოდა. იმ მომენტში ჩემი გადაწყვეტილება ასეთი იყო და ამას არ ვნანობ.

ერთ-ერთი ესპანური გუნდიდან კარგი წინადადება მქონდა, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, რომელთა შემოთავაზებაც „რეალმა“ დაბლოკა. ვიცოდი, რომ „ბლანკოსში“ ჩემი როლი ისეთივე ვეღარ იქნებოდა, როგორც ადრე.

წინასასეზონო მზადება „რეალთან“ ერთად სრულიად შემთხვევით დავიწყე, რადგან ვიცოდი, რომ ერთ-ერთ ესპანურ კლუბში გადავიდოდი, შეთანხმება თითქმის შემდგარი იყო. სიმართლე გითხრათ, „რეალმა“ იქ გადასვლის საშუალება არ მომცა, მათ სურდათ, რომ სხვაგან წავსულიყავი“.

28 წლის ხამესი „რეალში“ მორიგ უფერულ სეზონს ატარებს და თავისი კარიერის ოქროს წლებს ხარჯავს. სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კოლუმბიელს ტრანსფერზე დააყენებენ და ის „სამეფო კლუბს“ საბოლოოდ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები