Aa
Aa

სიმეონე ატლეტიკოს ისტორიაში - "ჩოლო" არაგონესს გაუთანაბრდა

„ლევანტესთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვება დიეგო სიმეონესთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. არგენტინელი სპეციალისტი ლეგენდარულ ლუის არაგონესის რეკორდს გაუთანაბრდა.

„ჩოლომ“ „როხიბლანკოს“ მწვრთნელის რანგში პრიმერა დივიზიონში 194-ე შეხვედრა მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში მწვრთნელებს შორის საუკეთესო შედეგია. თანაც, არგენტინელს ამ შედეგისთვის არაგონესზე გაცილებით ნაკლები მატჩი დასჭირდა.

არაგონესმა, რომელიც „ათლეტებს“ ჯამში 13 წლის განმავლობაში წვრთნიდა, 194 გამარჯვება 407 შეხვედრაში იზეიმა, ხოლო სიმეონემ ანალოგიურ შედეგს 319 თამაშში მიაღწია.

მადრიდელებმა „ლევანტე“ ავტოგოლის წყალობით დაამარცხეს. მთელი მატჩი ვალენსიელთა სათადარიგოთა სკამზე გაატარა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელსაც ლა ლიგაში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

„ათლეტებმა“ 55 ქულა მოაგროვეს და „სევილიას“ მე-3 ადგილი ჩამოართვეს. სიმეონეს გუნდი მორიგ შეხვედრას 27 ივნისს, საკუთარ არენაზე „ალავესთან“ გამართავს და არგენტინელსაც არაგონესის რეკორდის გაუმჯობესების პირველი შანსი სწორედ ამ მატჩისას ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები