შსს-ს განცხადება - მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა
Aa
Aa

შსს-ს განცხადება - მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდის 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

შინაგან საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრ მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4- დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი,დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

შაქარაშვილი ''საბურთალოს'' აღზრდილი გახლდათ. კოხრეიძისა და ლაკვეხელიანის მსგავსად შაქარაშვილმაც ''საბურთალოში'' ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ბოლოს სარეზერვო გუნდის მოთამაშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები