მუჰამედ ალის შვილი: „მამაჩემი ამ პროტესტს არ შეუერთდებოდა
Aa
Aa

მუჰამედ ალის შვილი: „მამაჩემი ამ პროტესტს არ შეუერთდებოდა"

მუჰამედ ალის შვილი, მუჰამედ ალი ჯუნიორი აშშ-შ მიმდინარე მოვლენებსა და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა. 47 წლის ალიმ ინტერვიუ New York Post-ს მისცა და გააკეთა განცხადება, რომლის გამოც იგი ძალიან ბევრმა გააკრიტიკა.

„ნუ გაანადგურებთ მაღაზიებსა და სხვადასხვა ადგილს. შეგიძლიათ, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატოთ. მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, იტყოდა: „ისინი (დემონსტრანტები, რომლებიც მაღაზიებს ძარცვავენ და მაროდიორობენ) ეშმაკების გარდა არაფერი არიან. მამაჩემი იტყოდა: „ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

ჩემი აზრით, საქმე რასიზმთან გვაქვს. მხოლოდ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანი არაა. თეთრკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. ჩინელების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს და მას არასდროს არავინ გამოურჩევია. მკვლელობა უდიდესი დანაშაულია და სულერთია რომელი რასის წარმომადგენელს კლავენ.

პროტესტის ეს ფორმა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს შავკანიანები მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ არიან. ეს კი, ჩემთვის რასიზმთან ასოცირდება.

ორი აზრი არაა, რომ ოფიცერი, რომელმაც ადამიანი მოკლა, დამნაშავეა, მაგრამ ხალხი ვერ ხვდება, რომ ვიდეოში ყველაფერი ნაჩვენები არაა. იმ ბიჭმა სამართალდამცველებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციელი თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ არასწორი ტაქტიკა გამოიყენა.

დარწმუნებული ვარ, პოლიციელი დილით იმ ფიქრით არ იღვიძებს, რომ დღის განმავლობაში შავკანიანს, ან თეთრკანიანს მოკლავს. ისინი უბრალოდ ცდილობენ სახლში საღ-სალამათი დაბრუნდნენ.

ყველა პოლიციელი ცუდი არაა, მაგრამ არსებობენ სამართალდამცველები, რომლებიც აუცილებლად გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩნდნენ. პირადად მე, პოლიციელებთან ინციდენტი არასდროს მქონია. ისინი ყოველთვის ჩემ დაცვას ცდილობდნენ და შესანიშნავად მექცეოდნენ.

დემონსტრანტთა ნაწილი მუსლიმი ტერორისტებისგან არაფრით განსხვავდება. ისინი ბიზნესებს ანადგურებენ, უდანაშაულო ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და პოლიციის შენობებსა და მაღაზიებს წვავენ. ისინი ტერორისტები არიან და საზოგადოების ტერორს ახდენენ. პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას ვემხრობი, მაგრამ ასეთი რამ მიუღებელია“.

როგორც გითხარით, მუჰამედ ალის შვილის განცხადებას აშშ-ში დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მხარი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები