Aa
Aa

ინტერის ისტორიაში მე-4 - ლუკაკუ რონალდოს, მილიტოსა და სოსას გვერდით

პანდემიის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო მილანის „ინტერმა“, რომელმაც სერია A-ს ეგიდით „სამპდორიას“ 2:1 აჯობა. კონტეს გუნდის მხრიდან გოლები ლუკაკუმ და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.

ბელგიელმა ფორვარდმა ამ გოლით გამორჩეული მაჩვენებელიც დააფიქსირა და „ნერაძურის“ ისტორიაში შევიდა. ლუკაკუ მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც „შავ-ლურჯების“ მაისურით ჩატარებულ პირველსავე სეზონში 18 ან მეტი გოლი გაიტანა. აქამდე ასეთი შედეგი 1992-93 წლებში - რუბენ სოსას, 1997-98 წლებში - რონალდოს და 2009-10 წლებში დიეგო მილიტოს ჰქონდათ.

ასეთი შედეგიანობის მიუხედავად, ლუკაკუ ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერ ჩირო იმობილეს 9 გოლით ჩამორჩება. მათ შორის კი, 21 გოლით, კრიშტიანუ რონალდუა.

„ნერაძურიმ“ 26 ტურში 57 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-3 ადგილი გაიმყარა, „იუვესთან“ დაშორება 6 ქულაა, ხოლო „ლაციო“ მილანელებს 5 ქულით უსწრებს. კონტეს გუნდის შემდეგი მეტოქე „სასუოლო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები